განათლება,სიახლეები

ქართველი მასწავლებელი Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულია

24.12.2020 • 2552
ქართველი მასწავლებელი Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულია

ორი მასწავლებელი საქართველოდან, მარინე ფორჩხიძე და ირმა კურტანიძე საერთაშორისო კონკურსის Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულები არიან.

მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსი Global Teacher prize-სგან იმით განსხვავდება, რომ სამეტაპიანია და მხოლოდ ერთი ფინალისტი არ ჰყავს. კონკურსის ორგანიზატორი ქვეყანა ინდოეთია.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარინე ფორჩხიძეს ესაუბრა, ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის ფინალისტიცაა. მარინე ზესტაფონის მე-7 საჯარო და სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია. როგორც მარინე გვეუბნება, კონკურსში მონაწილე მასწავლებელმა უნდა წარადგინოს ისეთი საერთაშორისო პროექტები, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება.

„მე რამდენიმე პროექტი მქონდა წარდგენილი, ერთ-ერთი იყო გარემოს დაცვაზეც, ასევე წარვადგინე პროექტი, რომელშიც უცხოელი მოხალისე მასწავლებლებიც მყავს ჩართული.

ივნისში გავხსენი პლატფორმა, სადაც უფასოდ ვამეცადინებთ 300-ზე მეტ ბავშვს. ყველა საგნის მასწავლებელი მონაწილეობს ამ პროექტში და ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, არა მარტო სასკოლო საგნებში იმეცადინონ, დამატებით კლუბებშიც მიიღონ მონაწილეობა.

გვაქვს დრამის კლუბი, მხატვრული კითხვის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვასწავლით, ოღონდ ისე, რომ ბავშვებმა სხვადასხვა ონლაინპლატფორმის გამოყენება შეძლონ. უცხოელი მასწავლებლები კი ბავშვებს ენაში ამეცადინებენ“, – გვითხრა მარინე ფორჩხიძემ.

მისი თქმით, პროექტში აფხაზი, ასევე ობოლი და მიუსაფარი ბავშვებიც არიან ჩართული. მასწავლებლის თქმით, ბავშვები პროექტში საკუთარი კომპიუტერებით ერთვებიან.

მასწავლებლის გლობალურ კონკურსში წელს 180-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოდან დაახლოებით 400-მდე პედაგოგი იყო რეგისტრირებული, მათგან ორმა გაიმარჯვა.

„ფინალში ყველა წელს განსხვავებული რაოდენობა გადადის, ზოგჯერ 50 გამარჯვებული ჰყავთ, ზოგჯერ 70 და ასე შემდეგ, გააჩნია, რამდენი განაცხადია შესული. ფინალისტები ფულად ჯილდოს არ იღებენ, მხოლოდ სერტიფიკატი გადაეცემათ და ასევე ძალიან მნიშვნელოვან ტრენინგში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ძალიან ნაყოფიერია“, – გვეუბნება მარინე.

როგორი გამოცდილება აქვთ თქვენს კოლეგებს უცხო ქვეყნებში, რა გამოწვევებზე საუბრობენ ისინი და სად ვართ ჩვენ ონლაინპლატფორმების სწავლების თვალსაზრისით? – ვკითხეთ გამარჯვებულ პედაგოგს, რაზეც მარინე ფორჩხიძემ გვიპასუხა:

„გულწრფელად გეტყვით, როცა მეგონა, რომ ძალიან მაგარი მასწავლებელი ვარ და რა კარგად ვფლობ უცხო პლატფორმებს-მეთქი, ასე არ ყოფილა. ეს აღმოვაჩინე მაშინ, როცა საერთაშორისო კონკურსებში დავიწყე მონაწილეობა. ჩვენი უცხოელი კოლეგები ისეთ პრეზენტაციებს აკეთებენ და ისე საუბრობენ, ისე ჰყავთ ბავშვებიც გაწაფული, რომ ჩვენ ბევრ ისეთ ქვეყანასაც კი ვერ შევედრებით, რომელიც განვითარებით ჩვენზე ნაკლები გვგონია.

წარმოიდგინეთ, ბავშვები ონლაინჟურნალებს, გაზეთებს უშვებენ, ათასნაირ პროექტს აკეთებენ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ განვითარების ამ ეტაპზე მივიდეთ. მართლა არ არის საკმარისი სკოლაში შეხვიდე, საგანი ასწავლო და გამოხვიდე, 21-ე საუკუნის ბავშვი უნდა გამოზარდო და ბევრს ასეთი ბავშვი ჰყავთ გამოზრდილი. მოსწავლეები ისე არიან გაწვრთნილი, რომ ყველა სიტუაციას უღებენ ალღოს“, – ამბობს მარინე.

პედაგოგის აზრით, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ქართველი მასწავლებლები და მოსწავლეები არა მარტო მზად არ იყვნენ ონლაინპლატფორმების გამოყენებისთვის, ონლაინრესურსების სერიოზული პრობლემაც შეიქმნა. „არც იმის გამოცდილება გვქონდა, როგორ გამოგვეყენებინა ეს პლატფორმები“, – ამბობს მარინე.

მისი აზრით, ქართველი მასწავლებლები სიახლეებს ადვილად ითვისებენ, თუმცა გამოცდილება აკლიათ.

ირმა კურტანიძე

Global Teacher Award 2020-ის მეორე გამარჯვებული პედაგოგი ირმა კურტანიძე გორის მე-9 საჯარო სკოლაში მუშაობს, ის  რუსული ენის მასწავლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: