მთავარი,სიახლეები

„ავერსის“ ქსელში „მადლი ღვთისა“ აღარ იყიდება – მიზეზი უცნობია

23.12.2020 • 2710
„ავერსის“ ქსელში „მადლი ღვთისა“ აღარ იყიდება – მიზეზი უცნობია

„მადლი ღვთისა“ ჩვენთან აღარ იყიდება, დღეს ამოიღეს სრულად ქსელიდან, რატომ არ ვიცი,“ – გვიპასუხეს დღეს სააფთიაქო ქსელი „ავერსის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე. ამ საკვებდანამატის შესახებ „ბათუმელები“ 21 დეკემბერს წერდა. ორი დღის წინ „მადლი ღვთისა“ ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა „ავერსის“ ქსელში, ხოლო მისი მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ ოთხი ტაბლეტი მედიკამენტი, რაც 60 ლარი ღირდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალება იყო.

კომპანია „ავერსს“, რომელსაც ჩვენ 21 დეკემბერს ვთხოვეთ განმარტება, რის საფუძველზე ყიდდა თავის ქსელში „მადლი ღვთისას“, ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი. 21 დეკემბერს ჩვენ დავუკავშირდით სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსაც, საიდანაც წერილობითი პასუხი დღეს, 23 დეკემბერს მივიღეთ.

უწყებიდან მიღებული წერილის მიხედვით, შპს „მადლი ღვთისას“ 3 ნოემბერს მართლაც მიუმართავს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის.

„გვატყობინებდნენ, რომ შპს „მადლი ღვთისას“ დირექცია გეგმავს ბიოლოგიურად აქტიური დანამატის – „მადლი ღვთისას“ წარმოება-რეალიზაციას და ითხოვდნენ განმარტებას, სჭირდებოდა თუ არა აღნიშნულ პროდუქტს რეგისტრაცია… გამომდინარე იქედან, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტაციით, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო „მადლი ღვთისას“ სტატუსის განსაზღვრა, განმცხადებელს ეცნობა, წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი,“ – მოგვწერეს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოდან.

ამ უწყებაში ვერ გვიპასუხეს, ვის უნდა მოეხდინა რეაგირება, როცა შპს „მადლი ღვთისა“ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდდა საკვებდანამატს აფთიაქში და ყიდდა იმ პირობით, რომ ის კორონავირუსის „საწინააღმდეგო საშუალება“ იყო? გამოდის, რომ სახელმწიფო უწყების მოთხოვნა „მადლი ღვთისას“ არ დაუკმაყოფილებელია, თუმცა ამ კომპანიამ საკვებდანამატის წარმოებაც შეძლო და მისი სააფთიაქო ქსელში ჩაშვებაც ისე, რომ სახელმწიფომ ამის შესახებ იცოდა და რეაგირება არ მოახდინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: