მთავარი,სიახლეები

მოსამართლე აქციის მონაწილეებს: ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს

17.12.2020 • 1905
მოსამართლე აქციის მონაწილეებს: ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარი გირაოს გადახდა დააკისრა ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტს და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს ხათუნა ბერიძეს. სასამართლომ ამავე ოდენობით გირაო შეუფარდა გოგიტა სოლომონიძესაც. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მათ ძალადობის ჩადენას ედავება გამოძიება.

საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ის სიტყვიერად შეურაცხყო ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა.

პროკურორმა ხათუნა ბერიძისთვის გირაოდ 3 ათასი ლარის შეფარდება ითხოვა, გოგიტა სოლომონიძის შემთხვევაში კი – 2 ათასი ლარის. ადვოკატი თენგიზ კახიძე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ან მაქსიმუმ 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

„…შუახევის მერის მოადგილემ როცა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ის არც კი გამოუკითხავთ… ეს არის შერჩევითი მიდგომა და დისკრიმინაცია. მე გირაოს ვერ გადავიხდი, პირობის დარღვევა მომიწევს. ჯობია, დამაპატიმროთ,“ – მიმართა მოსამართლეს ხათუნა ბერიძემ.

დაცვის მხარემ წარმოადგინა ასევე დაზარალებულის პოზიცია. ადვოკატის თქმით, დაზარალებული წერილობით ადასტურებს, რომ ბრალდებულებთან სამართლებრივი პრეტენზია არ აქვს.

„როგორმე იყავით ისე, რომ თქვენი სიტყვა დააფიქსიროთ წესრიგის დაცვით… ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულებს, ვიდრე ის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

„ადვილი შესაძლებელია, საზოგადოებრვი წესრიგის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს“, – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია, ბევრი მოწმე დაუკითხავს პროკურატურას და იშვიათია, როცა „ბრალდების მხარე დაპატიმრების ნაცვლად გირაოს ითხოვს.“

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განსაკუთრებულად ხანგრძლივი დრო – 80 დღე დაუწესა ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად.

———————————————————

ხათუნა ბერიძე 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით – 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიის წინ ხათუნა ბერიძე ხულიგნობისთვის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ის კომისიის წევრებს მიმართავდა სიტყვებით: „მონებო,“ „სირცხვილია“… ეს შემთხვევა სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ხათუნა ბერიძე 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახიფათოდ შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ხათუნა ბერიძე დააკავეს 15 დეკემბერსაც, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გააპროტესტეს. ხათუნა ბერიძე აქციის მიმდინარეობის დროს უმაღლესი საბჭოს ღობეზე შემოდგა და იქედან სცადა სტიკერების გაკვრა. პოლიციელებმა მას ღობიდან ჩამოსვლა მოსთხოვეს. ხათუნა ბერიძე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ღობიდან ჩამოვიდოდა, მაგრამ მას ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

___

მთავარი ფოტო: ვიოლეტა ფორჩხიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: