მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

15.12.2020 • 1121
უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო.

უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, ეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] საჩივრების რაოდენობით უნდა ასახულიყო. ჩვენ მას შევახსენეთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე არაერთი საჩივარი იყო დაწერილი საოლქო კომისიებში. გარდა ამისა, საჩივრებით როგორც პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოსაც მიმართეს.

დავით გაბაიძე მაინც ამტკიცებდა, რომ საჩივრები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა შესულიყო.  მან გვითხრა ისიც, რომ ამ დროისთვის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის: „დღეს უმაღლესმა საბჭომ 21-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო“.

როგორც წინა მოწვევის, ისე ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია მაინც დარჩება იმავე აზრზე და უმაღლეს საბჭოში არ შევა, ეს არ იქნება დიდი დანაკლისი:

„კარგი იქნებოდა შემოსულიყვნენ, რადგან ხალხმა მათ მისცა მანდატი, თუ არ შემოვლენ, ჩვენ ძალით ვერავის ვამუშავებთ. გახსოვთ თქვენ, რომ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტის რეჟიმში იყო და არ მუშაობდა, ამიტომაც არ იქნება განსაკუთრებული სხვაობა წინა მოწვევისა და ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს შორის. დემოკრატიის თვალსაზრისით? – რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ არ უნდათ მუშაობა, ჩვენ ძალით ვერავის ვერ შემოვიყვანთ“.

ოპოზიციის 7 ცარიელი სკამი უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე

ტრიბუნასთან საუბრის დროს დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არჩევნების შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს. მან თქვა, რომ ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში პეტიციით მიმართვის შესაძლებლობის დანერგვას გეგმავს.

თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციის მონაწილეები საყვირებით და შეძახილებით „მონა“, „მონა“ ცდილობდნენ სხდომათა დარბაზამდე ხმის მიწვდენას, შესვენებების დროს კი უმაღლესი საბჭოს აივნებიდან დეპუტატები თავადაც ადევნებდნენ თვალს შენობის წინ პროცესებს, დარბაზში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. აქციის გამო დისკომფორტი არავის უგრძვნია, ყოველ შემთვევაში, ამის შესახებ სხდომაზე არავის უთქვამს.

„არაფერ დისკომფორტს არ მიქმნის ოპოზიციის უმსგავსო საქციელი, დისკომფორტს ამ აქციით ისინი უქმნიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემო ცხოვრობენ და მათ არ აძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ეს არის და ეს“, – გვითხრა დავით ბაციკაძემ, ერთ-ერთი შესვენების დროს.

„ოპოზიცია, რომ არ შემოვიდა, თავისთავად ცუდია, იმიტომ, რომ ნორმალურ ვითარებაში ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა გაუგებარია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ყველა ადასტურებს, რომ არჩევნები ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა შემოსულიყვნენ“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. თუმცა ასევე ამტკიცებს, რომ  ამით ქვეყნის სწორად განვითარებას დიდი პრობლემები არ შეექმნება, რადგან „მმართველ პარტიას სწორად მიჰყავს ყველაფერი“.

„რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს ვიკითხო ვინ არის წინააღმდეგი“, – ეს სიტყვები აჭარის უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის პირველი სხდომის თავმჯდომარეს [უხუცეს წევრს] ეკუთვნის. დავით თედორაძემ ახალარჩეულ დეპუტატებს რამდენჯერმე სთხოვა კენჭისყრაში მონაწილეობა და ყოველ ჯერზე თოთხმეტივეს თანხმობა მიიღო. სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება, თუ უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია არ შევა, განსხვავებული პოზიცია და ცხარე დისკუსია სხდომებზე ნაკლებად იქნება.

პირველ სხდომაზე უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის შვიდი სკამი ცარიელი იყო, არც ერთი მათგანი დღეს სხდომაზე არ მისულა. ბოლო წუთამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიეღო ,,რესპუბლიკელ“ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში მეექვსე ნომერი იყო. თუმცა ის დღეს სხდომაზე არ გამოჩენილა და არც ტელეფონს პასუხობს. შესაბამისად არ ვიცით, რას გეგმავს მომავალში. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს ხელი არც ოპოზიციის მემორანდუმზე მოუწერია, როგორც ეს არჩეულმა 6-მა დეპუტატმა გააკეთა, მათ დააფიქსირეს, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ პირველ სხდომასთან დაკავშირებული პროცედურები თითქმის დაასრულა, აირჩია ხმის დამთვლელი კომისია და ცნო დეპუტატების უფლებამოსილება, აირჩია თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: