მთავარი,სიახლეები

„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

15.12.2020 • 957
„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

დღეს ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე,  რაც მათ ოფიციალურად დაადასტურეს ხელმოწერილი დოკუმენტით აჭარის მთავრობის სახლთან. აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო მანდატი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 15 დეკემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით გაიხსნა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს შეკრება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს ივანიშვილის მცდელობად – შექმნას „აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“.

ელგუჯა ბაგრატიონი

„31 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ შესაძლებლობას, აჭარა გაასაბჭოოს და შექმნას აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. უარი ვთქვით აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე და დავრჩით ხალხის გვერდით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს განმეორებითი არჩევნების ჩატარება. ხალხს საკუთარი არჩევანი დაუბრუნდება.

განიხილება მხოლოდ განმეორებითი არჩევნები და არამც და არამც რაიმე დამატებითი მანდატები, დამატებითი კომფორტი,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა, გია აბულაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს „გაყალბებულ არჩევნებს არ გაუპრავებენ“:

„უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ, არაფორმალურ მმართველობაზე. არ „გავუპრავებთ“ ივანიშვილს გაყალბებულ არჩევნებს. გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მრავალპარტიული მმართველობა უნდა იყოს. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ შექმნის აჭარაში აჭარის ასსრ-ს, არ გამოუვა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები“.

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

_______________

ფოტოზე: აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, 15 დეკემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: