მთავარი,სიახლეები

„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს

11.12.2020 • 3216
„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს

„მაინც აქ მოვდივარ ყოველდღე, კარებს ვაღებ, განიავდეს მაინც, ხანდახან სხვებიც მოდიან, 5 – 6 კაცი ვიკრიბებით და ჯოკერს ვთამაშობთ,“ – გვითხრა სელიმ არძენაძემ, რომელმაც ამჯერადაც გააღო აპრილიდან დახურული სარიტუალო დარბაზი „დავითი“. პანდემიის პირობებში ქორწილების გაუქმების შემდეგ დარბაზების მესაკუთრეებიც და აქ დასაქმებული ადამიანებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„დაძირული ვართ, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენს დარბაზებს მალე აუქციონებზე გაიტანენ,“ – ამბობენ „ბათუმელებთან“ სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეები.

ბათუმში სულ 28 დიდი სარიტუალო დარბაზია. პანდემიის დროს დაიხურა ათობით პატარა დარბაზიც, სადაც ქორწილი ან ქელეხის სუფრა იმართებოდა. სარიტუალო დარბაზების დიდი ნაწილი ბათუმში, ხელვაჩაურის გზატკეცილზეა. სელიმ არძენაძე ერთ-ერთი ასეთი დარბაზის „დავითის“ ავტოპარკინგზე მუშაობდა. გვიყვება, რომ დარბაზთან ავტომანქანების მიმოსვლას აწესრიგებდა და ანაზღაურებას ქორწილების მიხედვით იღებდა – თითო ქორწილზე 25 ლარს უხდიდნენ.

„აქვე ახლოს ვცხოვრობ და კარგი სამუშაო მქონდა, ყველადღე ადამიანების ბედნიერებას ვუყურებდი, ახლა რაა, ცარიელი დარბაზი, ჩაჩუმებული… ახლა მხოლოდ პენსიას ვიღებ, მხედველობის გამო მეორე კატეგორია მაქვს და 120 ლარს ვიღებ, სულ ესაა ჩემი შემოსავალი. ამ ფულს შვილიშვილს ვუხდი, ინგლისურს სწავლობს… ჩემი ცოლი მუშაობს გამწვანებაში, შვილებიც მუშაობენ, ვირჩენთ თავს,“ – ამბობს სელიმი.

სელიმ არძენაძე

სელიმის თქმით, „დავითში“ დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობდა. მათი უმრავლესობა ახლა უმუშევარია და არსებობა უჭირს.

„აღარც დამირეკავს, რა უნდა მითხრან? გაჭირვებაა, ყველას უჭირს… გავიგე, რომ ზოგი თურქეთში გადასულა ჩაის საკრეფად, ასე ირჩენენ თავს,“ – გვიყვება სელიმი და დაცარიელებულ სარიტუალო დარბაზში შევყავართ. დარბაზში ყველა მაგიდა ისევ მორთულია თეთრი სუფრით და ყვავილებით, ნეფე-პატარძლის მაგიდისთვისაც არავის უხლია ხელი, მუსიკოსებს ყველა ტექნიკა გაუთიშიათ და ერთმანეთზე შემოუწყვიათ ინსტრუმენტები, დარბაზში შემოსული ჰაერის ნაკადი ინერციით ატრიალებს ტორტის სადგამს, ჭერიდან რომ ჩამოუშვიათ ყვავილებით მორთული თოკებით.

 

სელიმი ერთ-ერთ მაგიდასთან ჩერდება, აქ ერთ-ერთი ქორწილის მოსაწვევი დარჩენილა, კიდევ რაღაც დოკუმენტები და კალკულატორი. აქვეა მენიუს ჩამონათვალი, სადაც წერია რა ღირს ესა თუ ის კერძი.

„ნანასა და დათოს ქორწილში“, – დამარცვლით კითხულობს სელიმი და მოსაწვევს, როგორც რაღაც უცხო ნივთს, ისე ათვალიერებს. ესეც გადაიღეთო მერე გვანიშნებს და მოშორებით დგება: „ეს ქორწილი ჩანიშნული იყო სექტემბერში, 15-ში უნდა გამართულიყო, 6 საათზე, მაგრამ ვეღარ ჩატარდა…“ – ჩაილაპარაკა მან.

სარიტუალო დარბაზი „დავითი“

უადამიანებო დარბაზში, დაცარიელებულ მაგიდებს შორის სიარულის დროს სელიმი გვიყვება, რომ ქორწილი აქ თითქმის ყველა დღე იმართებოდა. ზოგჯერ მსურველი იყო და დარბაზი სულ დაკავებული იყოო, ამბობს. აქ კი არა, ამ ხელვაჩაურის გზაზე რაც დარბაზებია, ყველგანო.

ცარიელ სამზარეულოსაც გვათვალიერებინებს სელიმი: თეფშები, ჭიქები, სამზარეულოს ნივთები ყველაფერი დაურეცხავთ და თაროებზე შემოუწყვიათ.

 

 

 

„როდის დასრულდება ეს პანდემია?“- გვკითხა სელიმ არძენაძემ, ვიდრე დარბაზიდან გამოვიდოდით. სელიმი საინფორმაციო საშუალებებს გამუდმებით ადევნებს თვალს და რაც არ უნდა გამოცხადდეს, მაინც იმედი აქვს, რომ საქორწინო დარბაზები მალე ახმაურდება.

პოზიტიური მოლოდინი აღარ აქვთ თავად დარბაზების მესაკუთრეებს. მაგალითად, სარიტუალო დარბაზი „ალექსანდრიას“ ხელმძღვანელმა, დავით ჯაფარიძემ გვითხრა, რომ შესაძლოა მისი დარბაზი ბანკმა მალე აუქციონზე გაიტანოს და არათუ ბიზნესი, უძრავი ქონებაც კი დაკარგოს.

„გაზაფხულზე გადაგვივადეს სესხი, ახლა უარი მითხრეს და არ ვიცი, რა იქნება, არ აუხსნიათ, რატომაა შეუძლებელი ისევ გადავადება. ასე თუ გაგრძელდა, ბიზნესს კი არა, ქონებასაც დავკარგავთ, რომელიც იპოთეკით დატვირთულია. სარიტუალო დარბაზს ბანკი აუქციონზე გაიტანს… ჩემს ოჯახს ასევე ჰქონდა საბავშვო ცენტრის ბიზნესი, ისიც დაიხურა. არ მკითხოთ, როგორ ვირჩენთ თავს, ვერ გიპასუხებთ… დასაქმებული ჩემთან 80-მდე ადამიანი იყო ჯამში, მირეკავენ სულ, როდის ვიხსნებითო, მაგრამ ვერაფერს ვპასუხობ, მათი უმრავლესობა უმუშევარია, მხოლოდ კომპენსაცია მიიღეს და ეს იყო,“ – გვიყვება დავით ჯაფარიძე.

დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების და სოციალური დისტანციის დაცვით შესაძლებელი უნდა იყოს ქორწილის გადახდა.

„შეგვეძლო, რომ დაგვეშორებია მაგიდები, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების გაკეთება, მაგრამ ამის საშუალებას ვინ მოგვცემს?“ – კითხულობს ის.

ბიზნესმენს ვკითხეთ, მოჰყვა თუ არა გამოხმაურება საპროტესტო აქციას, რომელიც საქორწინო დარბაზის მესაკუთრეებმა ბათუმში 2020 წლის ივლისში გამართეს.

„არაფერი. ერთხელ დაგვიბარეს მერიაში და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ თუ ვინმემ მუშაობა განაგრძო, სასწრაფოდ შეწყვიტეთ, თორემ დაგაჯარიმებთო, არადა ყველას ბანკის ვალი აქვს,“ – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.

„გამორიცხულია მაგი, დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება 5-6 ჭიქის მერე განსაკუთრებით, ხომ იცით, ქართული სუფრა როგორია?“ – ამბობს სარიტუალო დარბაზი „ლიდერის“ მესაკუთრე ნუგზარ რიჟვაძე. მასაც ბანკის ვალი აქვს, თუმცა იმედი აქვს, რომ გადაუვადებენ.

„პროცენტები დაგვემატება, მაგრამ რას ვიზამთ… დაძირული ვართ, მშიერ-მწყურვალია ხალხი, ვინც ჩემთან მუშაობდა და ახლა შემოსავალი არაფერი აქვს, 30-ზე მეტი კაცი მუშაობდა ჩემთან,“ – გვითხრა ნუგზარ რიჟვაძემ.

სარიტუალო დარბაზი „ლიდერი“

სარიტუალო დარბაზებს შორის რამდენიმეა ისეთი, რომელიც ზაფხულში ამუშავების გამო დააჯარიმეს. 10 ათასი ლარით დაუჯარიმებიათ სარიტუალო დარბაზი „კახაბერიც“.

„როგორი სიტუაცია იყო იცით, რომ გამაფრთხილეს მუშაობა შეწყვიტეო, მეორე დღის ქორწილის პროდუქტები უკვე ნაყიდი მქონდა, რა უნდა მექნა? ჩვენ 25 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ვიმუშავეთ…“ – გვიპასუხა „კახაბრის“ მესაკუთრე როლანდ რიჟვაძემ. მასაც იმედი აქვს, რომ ბანკის ვალს ამჯერადაც გადაუვადებენ, ხოლო მასთან დასაქმებული ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

„დაძირული  ვართ, რა გითხრათ… ჯერჯერობით დანაზოგებით ვირჩენთ თავს. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე მაინც გაიხსნება სარიტუალო დარბაზები,“ – გვიყვება სარიტუალო დარბაზი „Voice“-ის მესაკუთრე მამუკა ქართველიშვილი. მისი თქმით, სარიტუალო დარბაზის მოწყობა დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაუჯდა და ბანკის ვალი აქვს.

„მთავრობამ შეღავათი გაგვიკეთა იმ კუთხით, რომ სესხის პროცენტის 70 პროცენტი დაიფარება, ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ დოკუმენტაცია ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს… ეს მნიშვნელოვანი შეღავათია, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეუძლებელი იქნება არსებობა. ჩემთან დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობდა, 200 ლარს კომპენსაციას იღებდნენ, მაგრამ ეს რისთვისაა საკმარისი?… ახლა არ ვიცი, მისცემენ კიდევ თუ არა კომპენსაციას, ზოგიერთს ისევ მე ვეხმარები. მეც 7-სულიანი ოჯახი მაქვს, ოჯახის სხვა წევრებიც ჩემთან, სარიტუალო დარბაზში მუშაობდნენ, ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს იყო,“ – ამბობს მამუკა ქართველიშვილი.

სარიტუალო დარბაზი Voice

 

სარიტუალო დარბაზი „ლიდერი“


მთავარი ფოტო: სარიტუალო დარბაზი „დავითი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: