სიახლეები

ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

08.12.2020 • 1511
ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც ხელს უწყობდა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

„სააფთიაქო ნარკომანია“ არის ქიმიური დამოკიდებულება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე. სააფთიაქო პრეპარატების არასამედიცინო მიზნით მომხმარებელთა უმრავლესობა ამ პრეპარატებს ამატებს არალეგალურ ბაზარზე შეძენილ ნარკოტიკებს. საქართველოში გავრცელებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკების მოხმარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: