მთავარი,სიახლეები

კომპენსაციის მისაღებად შემოსულია 14 300-ზე მეტი განაცხადი – ფინანსთა მინისტრი

07.12.2020 • 1248
კომპენსაციის მისაღებად შემოსულია 14 300-ზე მეტი განაცხადი – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისათვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად.

მინისტრის თქმით, განცხადებები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალე დაიწყება კომპენსაციის გაცემა.

მინისტრმა მოუწოდა მეწარმეებს, რომელთაც 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ძალაში შესული შეზღუდვები შეეხოთ, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, შეავსონ განცხადება, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიშები.

პირებმა,  რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღოს ერთჯერადი 300 -ლარიანი კომპენსაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: