მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

03.12.2020 • 1451
ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რაიმე მოთხოვნის შესრულებისკენ პოლიცია არ მოუწოდებს. ვიდეოკადრების მიხედვით, მას დაკავების დროს წინააღმდეგობაც არ გაუწევია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება რეზო ხარაზიც. ისიც გუშინ დააკავეს იმ დროს, როცა ბუშტების გასაკრავად აჭარის მთავრობის სახლის წინ განათების ბოძზე აძვრა. პოლიციელებმა მას ბუშტები დაუხეთქეს და დააკავეს. რეზო ხარაზი გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში წერია, რომ დაკავებისას რეზო ხარაზი „ილანძღებოდა ხმამაღლა“. „აღნიშნულზე პოლიციამ მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ლანძღვა, მაგრამ არ დაემორჩილა და კიდევ აგრძელებდა [ლანძღვას]“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ასევე განიხილავს ბათუმის საპრიტესტო აქციაზე დაკავებული კიდევ ოთხი პირის საქმეს.

ბათუმის აქციაზე დღეს ისევ აპირებენ ბუშტების გაშვებას.

განახლება:

ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციური წესით იმართება და არ გვაქვს შესაძლებლობა, დავესწროთ ამ პროცესს, „ბათუმელებისთვის“ მოგვიანებით გახდა ცნობილი საფუძველი, რის გამოც მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკია „არაერთგზის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აგრესიული ქმედებები, კერძოდ ცდილობდა ადმინისტრაციულ შენობაში არაკანონიერად შეღწევას, ამასთან პოლიციის თანამშრომლეს შეგნებულად და გააზრებულად ჩამოახია პირბადე. შესაბამისად, დაკავდა ადმინისტრაციული წესით“.

სასამართლოში პოლიციელებმა წარადგინეს ვიდეო კადრები, რომელიც პოლიციელისთვის პირბადის მოხსნას ადასტურებდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ირაკლი ჩხვირკიამ სამართალდარღვევა ჩაიდინა. სხვა ნაწილში პოლიციამ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: