ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

28.11.2020 • 5882
როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს.

Bus lane მოინიშნა გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის გარკვეულ მონაკვეთებში.

ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა/ბათუმი/27.11.2020 / ავტობუსის სავალი ზოლი – მონიშნულია ყვითელი ფერის ხაზებით / მოძრაობის ახალი სქემა 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს

ახალი სქემით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტობუსები და სხვა ავტოტრანსპორტი, თბილისის მოედნიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით, ჩვეულებრივად, როგორც დღეს, ისე იმოძრავებენ.

პირიქით კი, ანუ, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, ჭავჭავაძის ქუჩის ეს ზოლი იქნება ცალმხრივი და იქ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს.

გრიბოედოვის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში გადავა ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და იმოძრავებს გზაგამყოფის გასწვრივ – თავდადებულის ქუჩამდე. ამისთვის, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა გაიხსნება, თუმცა მხოლოდ ავტობუსებისთვის. 26 მაისის ქუჩაზე მოძრავ მანქანებს ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთის უფლება არ ექნებათ.

ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ავტობუსი გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობას გააგრძელებს გზაგამყოფის პარალელურად.

ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ავტობუსი გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობას გააგრძელებს გზაგამყოფის პარალელურად.

26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში დახაზული იქნება ავტობუსის სავალი ზოლი გზაგამყოფის გასწვრივ და იქ მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ამ ზოლში სხვა მანქანის მოძრაობა აკრძალული იქნება.

თავდადებულისა და ჭავჭავაძის კვეთაში გზაგამყოფი ზოლი [ქვაფენილი და რკინის ღობე] უკვე მოშლილია და აქ გზა მხოლოდ ავტობუსისთვის იქნება გახსნილი. ანუ, თავდადებულის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი აქ ჭავჭავაძის ქუჩას ვერ გადაკვეთს.

თავდადებულის ქუჩის კვეთადან კი, ავტობუსი მოძრაობას გზაგამყოფის მეორე მხარეს გააგრძელებს თბილისის მოედნის მიმართულებით [ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში არსებულ წრიულამდე].

ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთადან მოძრავი ავტობუსი თავდადებულის ქუჩის კვეთაში გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის გზაგამყოფის მეორე მხარეს და მოძრაობას გააგრძელებს ამ გზაგამყოფის პარალელურად.

ახალი სქემით მოძრაობაზე ავტოტრანსპორტი მას შემდეგ გადაერთვება, როცა დასრულდება საგზაო ნიშნების მონტაჟი, შესაბამისად დაიხაზება/დახაზულია ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა მოსაცდელები ჭავჭავაძის ქუჩის შუაში [გზაგამყოფ ზოლზე].

ჭავჭავაძის ქუჩაზე ასეთი ზებრა-გადასასვლელები ერთმანეთს ტროტუარს და გზაგამყოფ ზოლს დააკავშირებს. გზაგამყოფ ზოლზე კი მუნიციპალური ავტობუსის გაჩერება და მოსაცდელი უნდა მოეწყოს

ჭავჭავაძის ქუჩა/ბათუმი/27.11.2020 / ავტობუსის სავალი ზოლი / მოძრაობის ახალი სქემა 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დაწყებულია [ზოგ ადგილებში საგზაო ნიშნებიც დამონტაჟებულია], თუმცა, ახალი სქემა სრულად ამოქმედდება მას შემდეგ რაც სამუშაოები დასრულდება. გეგმით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და შესაბამისი მონიშვნები 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რომელ ქუჩაზე რა იცვლება ახალი სქემით – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: