ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

19.01.2021 • 2832
როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია.

„ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრშიც.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე იმ ადგილების დაზუსტება, სადაც სისტემური რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო? „ჯერ ზუსტდება ბიუჯეტი და შემდეგ არეალები. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს იუსტიციაში.

საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში იმ კოდით, რომელიც მიწის სისტემურ რეგისტრაციასაც გულისხმობდა, 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს თანხა 5 მილიონამდეა შემცირებული.

შესაბამისად, 2021 წელს „მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარება/ხელმისაწვდომობისთვის“ ქვეყნის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

განმარტებაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოხდება ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია.

პირველ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში რამდენიმე მთიან დასახლებაში დაიწყო.

ამ პროექტის ფარგლებში, მაგალითად, სისტემური რეგისტრაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სამინისტრომ ეს ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაწია.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016 წლის ზაფხულშიც დაიწყო 12 დასახლებაში, როგორც საპილოტე პროექტი. ეს პროექტი 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო. დღემდე არ დამთავრებულა.

ერთ-ერთი ამ 12 დასახლებიდან დაბა შუახევია, სადაც რამდენიმე ნაკვეთზე საკუთრების აღიარების პროცესი ბოლომდე მიყვანილი არ არის.

„პრობლემა პანდემიის გამო გადაადგილებასა და ნოტარიუსთა მუშაობაში შეზღუდვებმა გამოიწვია. შუახევში კი ნოტარიუსი არ არის, რის გამოც გარკვეული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება ვერ მოხერხდა“, – გვითხრეს შუახევის მერიაში.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/276073/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: