მთავარი,სიახლეები

მრჩეველი აჭარა TV-ის დირექტორის ერთწლიან მუშაობაზე – „მისი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“

24.11.2020 • 1693
მრჩეველი აჭარა TV-ის დირექტორის ერთწლიან მუშაობაზე – „მისი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“

აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. გია ქარცივაძე ფეისბუქში დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს.

მაუწყებელში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ცვლილებები, რასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი და საქართველოში არსებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის პროცესს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება, და, ამასთანავე, ამ პროცესს მხარს უჭერს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

გია ქარცივაძე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძე კანონს არღვევს. ქარცივაძე ასევე თვლის, რომ კოხრეიძის გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

„შეფასების საგნად ქცეულ დროის მონაკვეთში დირექტორმა განახორციელა არაერთი მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს ორგანულ კანონთან ,,საქართველოს შრომის კოდექსთან“, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებულ პროგრამულ პრიორიტეტებთან, მაუწყებლის დებულებასა და შინაგანაწესთან. არსებობს გონივრული ვარაუდი მასზედ, რომ აღნიშნულ პერიოდში დირექტორის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებები შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის
ნიშნებსაც,“ – აღნიშნავს გია ქარცივაძე.

გია ქარცივაძე თავის წერილში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო დავებზეც – რედაქციას ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამ დავების დიდი ნაწილის განხილვა სასამართლოს ჯერ არც კი დაუწყია. სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მას 10 თვის წინ, გასული წლის აპრილში მოუწყვეს იმპიჩმენტი.

„რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე ორგანიზაციულ საქმიანობის პროცესს – კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თუ პირადი დაკვირვებით, ჩემთვის ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია განვაცხადო, რომ ის სრულად მოშლილია. პროცესი მიმდინარეობს მექანიკურად/ინერციით ან პირად მოტივებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. როდესაც მაუწყებელში კანონის იმპერატიული მოთხოვნების დაცვა არ ხორციელდება, სხვა რა წესრიგისა და განწერის დაცვასა და შესრულებაზე უნდა ქონდეს მაუწყებელს პრეტენზია?!

რაც შეეხება მაუწყებელში მიმდინარე შინაარსობრივ (რედაქციულ) ნაწილს – ის არასდროს არ ყოფილა იმ ხარისხის, რა ფინანსური/მატერიალური შესაძლებლობა და რისი მოლოდინიც საზოგადიებას ქონდა, მაგრამ შეფასების საგნად აღებულ დროის მონაკვეთამდე მცდელობები მაინც იყო, უკეთესის შესაქმნელად და მით უფრო, მაუწყებელი არ იყო გადაქცეული მანქანად, რომელიც კრიტიკული ადამიანების ჯგუფისა თუ მათ მიერ შექმნილი პროდუქტის
მოშორებისთვის მუშაობდა,“ – წერს გია ქარცივაძე თავის წერილობით შეფასებაში.

გია ქარცივაძეს, როგორც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრს, არ ევალება მსგავსი ანგარიშის მომზადება, ეს მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციაა. ამ უწყების შეფასებას მაუწყებლის, მათ შორის პრიორიტეტების შესრულებაზე მრჩეველთა საბჭომ პირველ აპრილამდე უნდა წარადგინოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: