განათლება,მთავარი,სიახლეები

სად წავიდა მასწავლებლობის 1900 მსურველი, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა

17.11.2020 • 2976
სად წავიდა მასწავლებლობის 1900 მსურველი, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 1900-მდე მასწავლებლობის მსურველმა გაირა, თუმცა მათგან რამდენი გავიდა 2020 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, ამის შესახებ მასწავლებლის სახლს ინფორმაცია არ აქვს. პროექტის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინფორმაცია არც იმის შესახებ აქვთ, დასაქმდა თუ არა „ეროვნული სკოლის“ რომელიმე მონაწილე სკოლაში ან თუ ვერ დასაქმდა, რატომ.

„ეროვნული სკოლის“ პროექტზე 2019 წელს 200 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის და მასწავლებლის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი, ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ „ეროვნული სკოლა“ მცირეკონტინგენტიან და მაღალმთიან სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების შევსებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა დაასაქმეს თუ არა მსგავს სკოლებში ეს კადრები, ამაზე მოკვლევა არ არსებობს.

„რამდენი დასაქმდა სკოლაში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. თუმცა, ვინც კურსი დაასრულა, აქედან 536 იყო მოქმედი მასწავლებელი, ვინც უკვე მუშაობდა სკოლაში, მაგრამ მომიჯნავე საგნების სწავლებაც სურდა და ამიტომ გადამზადდა მეორე ან მესამე საგანში. 1059 პირი იყო ის, ვისაც მასწავლებლობა უნდოდა და პირველად აპირებდა სკოლაში შესვლას.

თებერვლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები ძირითადად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე და ამიტომ ვერ შევაგროვეთ ეს მონაცემები“, – ამბობს ნინო გორდეზიანი. იმის მიუხედავად, რომ პროექტის ორგანიზატორებს აქვთ იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა, მათი დასაქმების შესახებ ინფორმაცია პროექტის ორგანიზატორებს მაინც არ შეუგროვებიათ.

„ახლა ვაგროვებთ რაღაც მონაცემებს, ოღონდ ეს არის ძალიან მწირი მონაცემი იმის, რა მოლოდინიც ჩვენ გვქონდა“, – ამბობს ნინო გორდეზიანი. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ჰქონდათ უკუკავშირი აღნიშნულ პირებს მათთან დასაქმების პრობლემების გამო ან სხვა საკითხებზე, ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ – კი. „არის ასეთი ზარები, ბევრია. ოღონდ ვინც გვირეკავს ამბობს, რომ ქალაქის სკოლებში შეიტანეს განაცხადი და არ აიყვანეს. მაშინ ჩვენ ვეუბნებით, რომ პროგრამის მიზანი იყო მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაქმება და არა ქალაქის სკოლებში“.

როგორც გავარკვიეთ, მასწავლებლის სახლში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, „ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებიდან რამდენმა დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია გამოცდაზე და რამდენმა ვერა.  ნინო გორდეზიანის თქმით, მათ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამის სტატისტიკა ჯერ კიდევ არ მიუღიათ. „ბაზები რომ შევადაროთ, ამისთვის არ გვაქვს ჯერ გადმოცემული სტატისტიკა“, – გვითხრა მან.

ნინო გორდეზიანის თქმით, „ყველაფრის დალაგებას და შესწავლას“ წლის ბოლოსთვის აპირებენ.

პროექტ „ეროვნული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ის, რომ იმ სკოლები, სადაც კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტია, ახალი კადრებით შეევსოთ. გარდა ამისა, ამ სკოლის დამთავრებულ კადრებს ის პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა ჩაენაცვლებინათ, ვინც შემოდგომის გამოცდაზე ვერ დაადასტურებდა კომპეტენციას და მათი ადგილები ვაკანტურად გამოცხადდებოდა.

შემოდგომის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრადიციულად ის ნოემბრის თვეში ტარდება. ამ დროისთვის სისტემაში 6 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელია და, შესაბამისად, აქედან რამდენი დაადასტურებს კომპეტენციას, მხოლოდ გამოცდების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

თუმცა, არსებობს ერთი გარემოება, რამაც შესაძლოა საჯარო სკოლებში ახალი კადრების მიღება მაინც გაართულოს. ეს არის სკოლის დირექტორის უფლება, გაუშვას ან ხელშეკრულებით დაიტოვოს მასწავლებელი, ვინც ვერ ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას გამოცდაზე.

ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცდება. „ჩვენ ასე  ერთმნიშვნელოვნად არ ვამბობდით, რომ  ეროვნული სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად შევიდოდნენ  სკოლაში პირდაპირ, თუმცა კონკურენციის პირობებში მათ უპირატესობა ექნებოდათ.

მეორე მხრივ, სკოლებში პრაქტიკოსების ჩანაცვლება იყო ამ პროგრამის მიზანი და მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან რეგიონებში ბევრი წამახალისებელი პროგრამაა მასწავლებლებისთვის, კვალიფიციური კადრები მაინც არ მიდიან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სკოლები, სადაც ქიმიას ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლის, ამიტომ გადავამზადეთ კადრები“, – ამბობს ის. კითხვაზე, ჩაანაცვლა თუ არა ასეთი მასწავლებლები „ეროვნული სკოლის“ კადრმა, გორდეზიანს ზუსტი პასუხი არ აქვს.

„რამდენი ახალი კადრი შევიდა სკოლებში, ვერ გეტყვით, მაგრამ როცა ეროვნული სკოლისთვის განაცხადებს ავსებდნენ ეს ადამიანები, იქ გარკვევით ეწერა, რომ უნდა მიეთითებინათ ის რეგიონი, სადაც უნდოდათ დასაქმება.

სკოლა გამოაცხადებს თუ არა ვაკანსიას, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კვალიფიციური კადრები მოვუმზადეთ“, – ამბობს გორდეზიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: