მთავარი,სიახლეები

„მოხმარება 5-ჯერ გაიზარდა“ – ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელ გენერატორებს ყიდულობს

17.11.2020 • 1307
„მოხმარება 5-ჯერ გაიზარდა“ – ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელ გენერატორებს ყიდულობს

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება კლინიკებში ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაავალა.

მთავრობის 16 ნოემბრის განკარგულებით, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები კომპანიამ მის კაპიტალში შეტანილი თანხის გაუხარჯავი ნაწილით უნდა შეისყიდოს.

აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რომ 3 200 000 ლარით ტენდერის გარეშე შეისყიდოს თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო 10 ერთეული აირგენერატორი [ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით და თანმდევი მომსახურებით].

ეს კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებასა და შეძენასთან დაკავშირებით“ დახმარებისთვის კი ეკონომიკის მინისტრს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა 14 ნოემბერს მიმართა.

„კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6 000 საწოლზე მეტი და თვის ბოლომდე კიდევ იგეგმება 2 400 საწოლის დამატება.

საწოლფონდისა და პაციენტთა ნაკადის მატების პარალელურად, საავადმყოფოებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და ჟანგბადის პორტების რაოდენობა, რამაც თითქმის ხუთჯერ და მეტად გაზარდა ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება.

ზოგიერთი საავადმყოფო საკუთარი ძალებით ახდენს ჟანგბადის წარმოებას, თუმცა საავადმყოფოთა უმეტესობას უხდება სამედიცინო ჟანგბადის შეძენა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში აღინიშნება პროდუქციის მომარაგებაში არსებული შეფერხებები, რაც ჟანგბადდამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეიძლება სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი აღმოჩნდეს.

კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების ზრდის ფონზე, ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის თავიდან აცილებისა და სახელმწიფო და კერძო მფლობელობაში მყოფი კლინიკების ჟანგბადით უწყვეტად მომარაგების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ დახმარებას სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებასა და შეძენასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის 14 ნოემბრის წერილში, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ ნათია თურნავას გაუგზავნა.

„განსახორციელებელი შესყიდვა არის ძალიან სასწრაფო, რის გამოც შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია“, – აღნიშნულია „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 17 ნოემბრის განაცხადში.

აქტივების მართვის კომპანიამ აირგენერატორები 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიძინოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: