მთავარი,სიახლეები

„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა 

16.11.2020 • 1948
„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა 

ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც თამაზ მჟავანაძე, რომელიც კომპანიის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. აქედან გამომდინარე, ავტობუსი ვერ დავტესტეთ. როგორც ამბობენ, უსინათლო მგზავრებისთვის გახმოვანების აპარატურაც აქვს.

თუმცა, პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვცადე 13 ნომერი ავტობუსით მესარგებლა, მძღოლმა მითხრა, რომ პანდუსის გასაღები არ ჰქონდა. მაშინ აღარ დამიწყია ძიება, ვიფიქრე რადგან ახალი შემოყვანილია, გამართავენ სისტემას-მეთქი. მაგრამ გუშინ, 15 ნოემბერს, კიდევ მქონდა მცდელობა, იგივე ნომერი ავტობუსი გავაჩერე და კიდევ იგივე გაიმეორა მძღოლმა, „გასაღები არ მაქვს და თუ გინდა, ხელით აგიყვანო“, – ამბობს თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, შეუძლებელია ავტობუსების შემოტანის დროს ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამორჩენოდათ. „ერთადერთი ის შევნიშნე, რომ ელექტროავტობუსებს დახრილობის კუთხის შექმნა შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვანია, რომ პანდუსი მარტივად მისაწვდომი იყოს და არ აყირავდე ასვლისას.

თუმცა გასაღებების თემაში ვერ გავამართლებ, რადგან გვქონდა რეკომენდაცია, რომ არ შემოეყვანათ ასეთი ავტობუსები, რადგან ლურჯი ავტობუსების შემთხვევაშიც იგივე პრობლემები იყო,  მძღოლები ამბობდნენ – „დავკარგეთ გასაღები“, ან „წინა მძღოლმა არ გადმომაბარა და არ ვიცი სად დევს“ და ასე შემდეგ“.

თომა კაკაბაძის თქმით, არ მუშაობს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდიც, რის  გამოც არ ეძლევა შესაძლებლობა ავტობუსების გადაადგილებას ელექტრონულად მიადევნოს თვალი.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ბესო დათიაშვილი ვებგვერდის შეფერხებით მუშაობას ადასტურებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე დღით გათიშული იყო. „პროგრამას ვაუმჯობესებთ და ამიტომ იყო შეფერხება“, – ამბობს ის.

რაც შეეხება „პანდუსის გასაღებს“, დათიაშვილი ამბობს, რომ მძღოლების გადამზადება მიდის და „მსგავსი შეფერხება მალე აღმოიფხვრება“.

„ტრენინგები მიდის მძღოლების, რადგან პანდუსის გადმოწევის ახალი სტილი აქვს ელექტროავტობუსებს. ლურჯ ავტობუსებს სხვა მეთოდი აქვს, ახალს – სხვა. პანდუსის გასაღებები აქვთ მძღოლებს, უბრალოდ არ იყვნენ ბოლომდე გადამზადებული, რადგან პანდემიის გამო პატარა შეფერხებები გვქონდა. ეს პრობლემები მალე აღმოიფხვრება“, – გვითხრა დათიაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: