მთავარი,სიახლეები

„ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“ – ქალი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

12.11.2020 • 1515
„ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“ – ქალი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

სურმანიძეების 6-სულიანი ოჯახი ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. ოჯახის ორი წევრი დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ქალი აცხადებს, რომ მისი სახლი სიცოცხლისთვის საშიშია.

ნანული სურმანიძემ ის დოკუმენტი დახია, სადაც ეწერა, რომ მას მრავალშვილიანი დედის სტატუსი აქვს და შენობის კარებთან დაყარა.

„რად მინდა ცარიელი სტატუსი, თუკი მთავრობა არაფერში დამეხმარება. ერთი ოთახიც კი აღარ მაქვს, რომ ღამე გავათიოთ ექვსმა ადამიანმა. სახლი დანგრეულია, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“, – ამბობს ნანული სურმანიძე. ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში გასულ თვეში მეწყერი ჩამოწვა და ლევან თედორაძის ოთხსულიანი ოჯახიდან სამი ცოცხლად დაიმარხა.

ნანულის თქმით, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და სახლის გამაგრების შესაძლებლობა არ აქვს.

„არაერთხელ დავწერეთ განცხადება, გეოლოგებიც გვყავდა მიყვანილი მდგომარეობის შესასწავლად, თუმცა მთავრობა არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. ხელვაჩაურის მერიამ 36 ცალი „ჟეშტი“ მოგვცა და ეგ იყო. სახლი საცხოვრებლად არ ვარგა და ღამე როგორ გავათიოთ, ზამთარი როგორ გადავიტანოთ.

ოჯახში ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს და გარდა იმისა, რომ ისინი სასწავლო პროცესში ვერ მონაწილეობენ, ღამის გასათევიც კი აღარ აქვთ“, – ამბობს ნანული სურმანიძე.

სურმანიძეებს აჭარის მთავრობის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

„ბათუმელები“ სოფელ ხერთვისში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით სურმანიძეების სახლს ნამდვილად სჭირდება გამაგრება.

„სახლი ნანახი მაქვს მეც, გეოლოგებმა რამდენჯერმე შეამოწმეს და დასკვნაში წერია, რომ ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციით უნდა მოხდეს სახლის კედლების გაძლიერება“, – ამბობს თემურ დიასამიძე. კითხვაზე, არის თუ არა სახლი სიცოცხლისთვის საშიში, დიასამიძე ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სახლი მეწყერსაშიშ ზონაში არ არის, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები ჩასატარებელია.

„სახლი თავიდანვე ცუდ ადგილზეა აშენებული და საძირკველი გამოერეცხაო“, – დასძინა თემურ დიასამიძემ.

___

ამავე თემაზე:

2 ოქტომბერს ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: