განათლება,მთავარი,სიახლეები

შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე 

11.11.2020 • 5211
შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე 

„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და მათი ეპოქის პრობლემების პარალელები თანამედროვეობაში ეძიონ. ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „განათლებას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია შაინიძეს ესაუბრა. მაიას საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ბოლო წლებში ის კერძო სკოლაში ასწავლის.

  • ქალბატონო მაია, რამდენად რთულია მოსწავლეებისთვის და თუნდაც მასწავლებლისთვის ძველ ქართულ ტექსტებთან ონლაინში მუშაობა?

ჰაგიოგრაფია თავისი ენობრივი თვალსაზრისით საკმაოდ რთულია და ჩემი აზრით, რთულია ბავშვის ამ ასაკისთვისაც. ჰაგიოგრაფიის და სხვა ძველი ქართული ტექსტების შესწავლა მეათე კლასში უწევთ ბავშვებს, ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა, მე-11 კლასის ბოლოს დაეწყოთ ეს პერიოდი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვები პროფესიების არჩევას, გააზრებას იწყებენ და ასეთი რთული ტექსტების შეჩეჩებამ შესაძლოა მათ ლიტერატურის, კითხვის მიმართ ინტერესი გაუნელოს.

მეორე, რასაც ჰაგიოგრაფიასთან დაკავშირებით ვფიქრობ ის არის, რომ ეს ტექსტები სასწავლო მასალაში შეტანილი იყოს არა ცალკე თავფურცლად, არამედ დაყოფილი იყოს თემებად. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სტანდარტი ამას ითხოვს. მაგალითად, „აბოს წამება“ ბევრად ღრმა ნაწარმოებია, ვიდრე უბრალოდ, ჰაგიოგრაფია. ეს არის „აბოს“ სწრაფვა საკუთარი თავის ძიების, ინდივიდუალიზმისკენ, უკეთ წარმოჩენა პიროვნების და საზოგადოების და ასე შემდეგ.

  • ამ კომპონენტების შემოტანა ხომ ისედაც შესაძლებელია სწავლების პროცესში?

დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, კერძო სკოლის უპირატესობა ამ შემთხვევაში ის არის, რომ მასწავლებელს მეტი ლავირების შესაძლებლობა აქვს, ბავშვების რაოდენობაც ნაკლებია კლასში საჯაროსთან შედარებით და უფრო მეტი დრო რჩება მოსწავლეებთან სამუშაოდ.

როცა მოსწავლე ტექსტთან პირველივე შეხებაზე იწყებს, რომ „ამას რა ისწავლის“, „რა უნდა გავიგო ამაში“, ბუნებრივია, მასწავლებელს ძალიან დიდი ოსტატობა, მრავალფეროვანი მეთოდები და ხერხები სჭირდება, რომ ბავშვში ეს ნიჰილიზმი არ გააძლიეროს. მით უმეტეს, როცა დისტანციურად გვაქვს დღეს ურთიერთობა და პირისპირ მუშაობას ვეღარ ვახერხებთ.

  • თუ შეძელით მათი დაინტერესება და როგორ?

რა თქმა უნდა, თავდაპირველად მაინც ტრადიციულად გიწევს მათთან საუბარი, რომ ეს ნაწარმოებები ჩვენი კულტურული ღირებულებაა, რომ უძველესია, ჩვენი ისტორიაა და უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ისინი მაინც ეჭვით გიყურებენ.

დღეს რთულია თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებით დაინტერესებული თაობა მხოლოდ ტექსტებით დააინტერესო, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის მისაღები ფორმატი შემომეტანა სწავლებაში. შევქმენით ფეისბუქის გვერდი მხოლოდ კლასისთვის და „შუშანიკის“ ამბავი შემოვიტანეთ ე. წ. სტატუსებად. ბავშვებს მივეცი ნაწარმოების ავტორის როლი ანუ ბავშვები მორიგეობით შეითავსებდნენ ცურტაველის როლს და შუშანიკის ამბავს დაწერდნენ ყოველდღიური ამბის ფორმატში. როგორც თვითმხილველები იმ პროცესების. ამბის ქვეშ კომენტარები უნდა დაეწერათ სხვა მოსწავლეებს და შეეფასებინათ გმირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დაახლოებით ისე, როგორც რეალურად ხდება ხოლმე ფეისბუქში სტატუსების ქვეშ სხვადასხვა აქტუალური თემის განხილვისას.

ეს მეთოდი ძალიან მოეწონათ ბავშვებს და შეხალისდნენ – მათ მორიგეობით უწევდათ ავტორობა ისე, რომ არ უნდა დარღვეულიყო ამბის თხრობა და ქრონოლოგია. ბუნებრივია, მათ მოუწიათ ტექსტთან მუშაობა სიზუსტისთვის. ამან საშუალება მოგვცა, რომ ტექსტი ბოლომდე წაგვეკითხა და დეტალებიც არ გამოეტოვებინათ ბავშვებს.

გაჩნდა სხვადასხვა დაჯგუფება ამბის ქვემოთ. ნაწილი „შუშანიკს“ უთანაგრძნობდა, ნაწილი აკრიტიკებდა იმის გამო, თუ რატომ არ დაელოდა ქმრის დაბრუნებას და მანამდე მიატოვა სასახლე. გამოიკვეთა ფემინისტების ჯგუფი, რომელიც შუშანიკის, როგორც ქალის უფლებებზე საუბრობდა და იცავდა, ბავშვებმა დაიწყეს ფიქრი სხვადასხვა გარემოებაზე და უფრო მეტად წამოვიდა მსჯელობა და აზროვნება.

ფეისბუქფორმატი შესაძლებლობას გაძლევს, ემოციების ვიზუალიზაციისთვის გამოიყენო ე.წ. სმაილიკები, რაც ასევე ახალისებს ბავშვებს.

  • საკმაოდ ხშირად, როდესაც სკოლაში ლიტერატურის სწავლებაზე მიდის საუბარი, არის მოსაზრება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს შეაყვაროს ბავშვს ლიტერატურა, ნათლად დაანახოს მისი მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებაში და რაც მთავარია, ბავშვის განათლებისთვის რამდენად საჭიროა ის. თქვენ რას ფიქრობ ამაზე?

დიახ, გეთანხმებით, თუ მასწავლებელი სწორად არ დაგეგმავს სტრატეგიას, შესაძლოა არ გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ტექნიკა და გამოცდილება სჭირდება იმას, რომ ბავშვს ლიტერატურა შეაყვარო, დააწყებინო აზროვნება. სხვა პერსპექტივიდან უნდა დაანახო ის, რაც მასთან ახლოსაა, რაც მასაც ეხება – ამ პერსპექტივიდან უნდა აჩვენო ლიტერატურის მნიშვნელობა.

მხოლოდ სტანდარტული მიდგომებით და ნააზრევებით ვერ შეაყვარებ ბავშვს ლიტერატურას. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც ფეისბუქის ფორმატში, ერთი პატარა ნაბიჯია აქეთკენ გადადგმული. თუ ბავშვი არ ხდება ამბების თანამონაწილე, მისი დაინტერესება რთულია.

  • რა აჩვენა ბავშვების კომენტარებმა, ვის მხარეს აღმოჩნდა უმეტესობა? ვინ რა პოზიციას იცავდა „შუშანიკის“ ან „აბოს“ ამბების განხილვისას?

„აბოს“ ან „შუშანიკის“ ტრაგედია ნაწარმოების მიხედვით, ბუნებრივია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, რადგან მათი გადაწყვეტილება, მათი ხვედრი საზოგადოების დიდი ნაწილის ბედს განსაზღვრავდა. თუმცა ცალკე აღებული შუშანიკი, როგორც ქალი პატრიარქალურ საზოგადოებაში, დღესაც აქტუალურია, რადგან ქალის უფლებრივი მდგომარეობა დღესაც არ არის ბოლომდე დაცული და ქალებს დღემდე უწევთ ბრძოლა ამისთვის. ის, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, იქნება ეს ოჯახში ძალადობა თუ სხვა, ამ მხრივაც გვაფიქრებს და გვააზრებინებს ამ ტექსტის მნიშვნელობას და სწორედ ამ პარალელებზე საუბრობდნენ ბავშვებიც.

დღესაც საკამათოა ხომ ქალის, როგორც დედის პოზიციები და „შუშანიკთან“ დაკავშირებითაც იყო კრიტიკა – „რა დედაა ის, რომელმაც მიატოვა შვილები, დაყარა საკურთხევლის კართან“ და უთხრა ღმერთს, შენი მოცემულია და შენვე დაიცავი. რა თქმა უნდა, ასეთი დეტალები იწვევს ბავშვებში ინტერესს და აცოცხლებს პრობლემას.

კომენტარებმა აჩვენა საზოგადოების სახეც, თუ როგორ უყვართ ადამიანებს სხვისი ადვილად განსჯა და ამას ვხედავთ რეალურად დღეს ფეისბუქში.

  • ეს მეთოდი დაეხმარა ბავშვებს ძველ ქართულ ენასთან გაჩენილი გაუცხოების დაძლევაში?

ნაწილობრივ, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად. თუმცა ეს ფორმატი დაეხმარა მათ ყურადღების მობილიზებაში და ერთმანეთის მოსმენის კულტურაც გამოუმუშავდათ.

  • ჩვენ ხშირად ვახსენებთ განათლების მნიშვნელობას. განათლება როგორ ესმით ბავშვებს?

მეც ვკითხე ერთხელ და ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ განათლება არის, როცა ყოველთვის კარგად ამზადებ გაკვეთილებსო. რა თქმა უნდა, ეს არის ბეჯითობა, მაგრამ განათლება – არა. მე ვეუბნები, რომ განათლებაა ის, როცა შეგიძლია ფაქტების და მოვლენების შენეული, მაგრამ არგუმენტირებული შეფასება. სხვების მაგალითიდან მიღებული გამოცდილება, როცა შენ ფიქრობ, რომ იყო შეცდომა და უნდა გამოასწორო ან პირიქით.

კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ბავშვს ეხმარება არგუმენტირებული მსჯელობა და მოვლენების ცოდნა. პარალელების გავლება ფილმებთან, წიგნებთან, ისტორიასთან, რომელიმე ისტორიულ პირთან და ასე შემდეგ.

„დიდოსტატის მარჯვენას“ როცა გავდიოდით მე-12 კლასში, იქ ბავშვების ყურადღება მიიქცია შორენას და არსაკიძის საუბარმა, როცა შორენა გაქცევას და აჯანყებას სთავაზობდა გიორგი მეფის წინააღმდეგ.

არსაკიძე იქ ეუბნება შორენას, რომ „ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი უკეთესის ღირსი არაა, რაც მას თავად დაუმყარებია“. მთელი გაკვეთილი გავჩერდით ამ საკითხზე, რადგან იმაზე დაიწყეს კამათი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, ვისაც ჩვენ ვირჩევთ. ამიტომ, თუ ჩვენ არ გვექნება უკეთესი განათლება, ჩვენი დაკვეთაც ხელისუფლების მიმართ იქნება ისეთი, როგორი საზოგადოებაც ვართ. ხელისუფლება არის საზოგადოების არჩევანის პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, მეტი განათლება, მივიღოთ ის, რაც ჩვენს მოთხოვნებს მიესადაგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: