2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა საოლქოებმა არ განიხილეს, განხილული 914 საჩივრიდან კი, უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელების სრული უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმაც.
არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი აღარებს, რომ 31 ოქტომბრის საარჩევნო ოქმები ხშირ შემთხვევაში ქაოსურად არის შედგენილი. ასევე დადასტურებულია, რომ ამ ოქმებს რამდენიმე დღის განმავლობაში ასწორებდნენ ოლქებსა თუ ცესკოში. პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ თითქმის 20 ოქმის შესწორებაზე კომისიის წევრების ხელმოწერები შეიძლება იყოს გაყალბებული და ეს ვიზუალურადაც კი შესამჩნევია.
მაგალითად, 26.66.08 საუბნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმში წერია კომისიის წევრის ვინაობა – მარიკა „აბშილავა“ და მისი ხელმოწერა. თუმცა, შესწორების ოქმში ამ კომისიის წევრის გვარი შეცდომით წერია – „აფშილავა“ და გვარის გასწვრივ ასევე ხელმოწერაც არის აფშილავა. შესაბამისად, მარიკა აბშილავა შესწორების ოქმზე ხელმოწერისას აფიქსირებს არა თავის ნამდვილ გვარს [აბშილავა], არამედ იმას, რაც კომისიის მდივანმა შეცდომით დაწერა [აფშილავა]. სწორედ მსგავსი ოქმები შეისწავლა ოპოზიციამ და პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელმოწერები გაყალბებულია, ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს კალიგრაფიული ექსპერტიზა. ხელმოწერების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბექა ბასილაიამ „ბათუმელებს“ უთხრა, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
„პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, როგორც კი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ ხედავთ, რომ ერთ დღეში კერავენ საქმეებს და აქ დასაბუთებული დოკუმენტაცია იყო წარდგენილი და გამოძიებაც არ დაიწყეს. პროკურატურიდან მომწერეს, რომ საჩივრები რაიონულ განყოფილებებშია გადაგზავნილი“, – გვითხრა ბექა ბასილაიამ.
დაიწყო თუ არა გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ საქართველოს პროკურატურიდან დღის განმავლონაში ელოდა, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.
რატომ მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ოქმზე ხელმოწერები გაყალბებულია? – მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „11.19.15 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული წესით არჩევნების შემაჯამებელ ოქმში და ამავე ოქმის შესწორებაში კომისიის წევრად დაფიქსირებული გელა ჯავახიშვილის, ნინო ჯავახიშვილისა და არკადი ჯავახიშვილის გრაფის გასწვრივ გაკეთებული ხელმოწერები ასოების ზომის, დახრილობის, მოყვანილობის და გადაბმის ელემენტების გათვალისწინებით აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სხვადასხვა ადამიანს. აღნიშნული შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს“:
ანალოგიურად, 03.03.15 უბანზე შედგენილ მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმზე და შესწორების ოქმზე კომისიის ერთი და იმავე წევრის ხელმოწერა განსხვავებულია:
ამავე უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე არ არის კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა და არც კომისიის ბეჭედი. შესწორების ოქმს კი კომისიის ყველა წევრი ხელს არ აწერს:
[red_box]საეჭვო ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე, რომლებიც პროკურატურაშია გასაჩივრებული [/red_box]
ეს შემაჯამებელი და შესწორების ოქმები ცესკოს გვერდზეა ატვირთული. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ ოქმებიდან, ხოლო წითელი ფერით გახაზულია კომისიის ერთი და იმავე წევრის განსხვავებული ხელმოწერები.
„ბათუმელები“ ზოგიერთი კომისიის წევრებსაც დაუკავშირდა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხობის 26.66.08 საუბნო კომისიის მდივანს, ნათია სალაყაიას იმის გასარკვევად, თუ რატომ არის განსხვავებული კომისიის წევრების [მათ შორის პირადად მისი] ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე [სწორედ ამ ოქმშია აბშილავა-აფშილავას ხელმოწერებიც].
„მე ამ თემაზე არ ვსაუბრობ და მაპატიეთ“, – გვიპასუხა ნათია სალაყაიამ.
„პასუხისმგებლები ვართ ჩვენ გინდაც შემაჯამებელ ოქმზე და გინდაც შესწორების ოქმზე. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებისა, ყველამ მოაწერა ხელი შესწორების ოქმს. ხელმოწერები იდენტურია და თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ ექსპერტიზაც დანიშნონ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ლარისა დოვლათიდიმ, ხაშურის 16.35.23 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.
„რას ჰქვია განსხვავებული ხელმოწერები, შეურაცხყოფას მაყენებთ და ძალიან მწყინს. ელმირა, მუსტაფაევა და მე ერთად ვიყავით, ხელმოწერა არის მათი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი ტექნოლოგიით. არჩევნების ნებისმიერ დეტალზე ჩემს უბანზე ვარ პასუხისმგებელი. ძალიან კარგად ჩატარდა და ვამაყობ ამით… განსხვავებული, ახლა რა გავაკეთო, იქ ასე მოაწერა და ბანკი ხომ არა ვარ ფაქსიმილიე მოვითხოვო, ახლა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება მესამე დოკუმენტზე სულ სხვანაირად მოაწეროს. ადამიანი ცოცხალია, დოკუმენტი ხელთ გაქვთ. შეგიძლიათ, სადაც გინდათ გადაამოწმოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში თელავის 10.17.37 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ელზა აშიროვამ.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ „
მოგვიანებით, იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ ოპოზიციას სადავო უბნების შედეგების გადათვლა შესთავაზეს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.
კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ „თავად ცესკომ ჩაკეტა გზა უბნების გადათვლისთვის, როცა 13 ნოემბრის სხდომაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა“.
_____
ბლოკმა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების 29 შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. საჩივრები არც ცესკომ განიხილა და მეორე ტური [მაჟორიტარული] 21 ნოემბერს დანიშნა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო არ დაელოდა სასამართლოებში შეტანილი საჩივრების განხილვის დასრულებას და არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციამ კვლავ სასამართლოს მიმართა.
ამ ყველაფრის პარალელურად, შემაჯამებელ ოქმებსა და შესწორების ოქმებზე კომისიის ხელმოწერების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში 20 საჩივარია შესული.