მთავარი,სიახლეები

დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

09.11.2020 • 1550
დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები შეუერთდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას „ნუ გვაბრმავებ!“.

გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები, დაზიანდა მათი ტექნიკაც.

„გუშინ ვნახეთ კადრები, როცა დამიზნებით ესროლეს ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობის მერამდენე წრეზე მივდივართ, უკვე აღარც ვიცი. ვფიქრობ, ამ ტიპის სოლიდარობა და აქციები ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ჟურნალისტები მარტო არ არიან და ერთმანეთის გვერდით დგანან. როგორც არ უნდა დაგვარბიონ, ხელი შეგვიშალონ და გვესროლონ, მაინც გავაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას”- ამბობს TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია. გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სწორედ TV პირველის ოპერატორს დაუზიანდა თვალი წყლის ჭავლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ნატო გოგელია, TV პირველის ჟურნალისტი

„დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს წყლის ჭავლს დამიზნებით არ ასხამენ. არც თვალებს თხრიან და პირიქით მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სწორედ ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, ვისი საშუალებითაც იგებს მოსახლეობა ამბებს. გამიზნულად აზიანებდნენ გუშინ მათ ტექნიკას, ალბათ იმიტომ, რომ არ გაეშუქებინათ რაც ხდებოდა და არ მიეტანა ადამიანებამდე ინფორმაცია. ასე არ იქცევა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ესმის, რომ ჟურნალისტი ხიდია მოსახლეობასა და მიმდინარე, მნიშვნელოვან მოვლენებს შორის” – ამბობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თეა ვარშალომიძე.

თეა ვარშალომიძე, „მთავარი არხის” ჟურნალისტი

„ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტი, ხვიჩა მამულაძე ბათუმში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართულ აქციაზე დაშავდა, სადაც შუშის ვიტრინა ჩამოიმსხვრა.

„მიმდინარე ამბავს ვაშუქებდი და ამ დროს დავშავდი. გუშინაც რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა აქციაზე, რეზინის ტყვიებიც გვახსოვს, დამიზნებით ნასროლი. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, მოგვცეს საშუალება მედიის წარმომადგენლებს, ვიმუშაოთ მშვიდ ვითარებაში,” – ამბობს ხვიჩა მამულაძე.

ხვიჩა მამულაძე, ქრონიკა პლუსის ჟურნალისტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: