მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

10.11.2020 • 2777
საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს.

„თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე, ასევე დავით რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამაა და აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანი. თემურ ბერიძის ინტერესებს ახლა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს, სადაც მიიჩნევენ, რომ მის საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება ერთად დაგროვდა.

ერთ-ერთი ტენდერის გამო კონფლიქტი ხულოში გასული წლის ზაფხულში დაიწყო – მხარეებმა ჯერ ხულოში მერიის წინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფიზიკურად, შემდეგ კი საქმის გასარჩევად ბათუმში ჩამოვიდნენ და ბათუმის ყინულის სახლის წინ გააგრძელეს ჩხუბი. ფაქტზე გამოძიება 14 თვის წინ დაწყო, თუმცა პროკურატურას საქმე ამ დრომდე თაროზე აქვს შემოდებული.

თემურ ბერიძის თქმით, მას ხულოში გარეგანათების ტენდერის დათმობას სთხოვდნენ. ხულოს მერიამ ტენდერი 75 ათას ლარზე გამოაცხადა და ის კომპანიამ „გუნგლიმ“ მოიგო. ამ კომპანიამ სამუშაოების 69 719 ლარად შესრულების პირობა დადო.

„წინასწარ შევუთანხმდით კომპანია „გუნგლის“, რომ სამუშაოებს რეალურად ჩემი დაფუძნებული „მთის ხარისხი“ შეასრულებდა. ჩემი კომპანია 2016 წლიდან არსებობს, მაგრამ ტენდერის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომაც ეს მეთოდი გამოვიყენეთ… „გუნგლი“ თანახმა იყო, რომ მისი ქვეკონტრაქტორი  ვიქნებოდით,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თუმცა ვიდრე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ხულოს მერი გააფორმებდა, თემურ ბერიძეს ტელეფონზე დაურეკეს.

„დამირეკა ჯამბულ აბულაძემ და შეხვედრა მთხოვა, ის თორნიკე რიჟვაძის ნათლიაა… მე მას ხულოს ცენტრში, მანქანაში ვესაუბრე,“ – იხსენებს თემურ ბერიძე. – „ჯამბულ აბულაძეს ვიცნობდი, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა და მას არაფერი აკავშირებდა ამ ტენდერთან. მითხრა, რომ გარეგანათების ტენდერი უნდა დავთმო და თუ არ გავაკეთებ ამას, ზევით ურთიერთობები სერიოზულად გამიფუჭდება… ჯამბულ აბულაძე ამბობდა, რომ დავით რიჟვაძესთან დაკავშირებულ პირებს უნდა მოეგოთ ეს ტენდერი და ხელს ვუშლიდი.

ვუთხარი, რომ დავით რიჟვაძეს თავად შევხვდებოდი და აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდი. თუ მათ პირობას დავთანხმდებოდი, ტექნიკური დოკუმენტაცია არ უნდა ამეტვირთა და მივიღებდი დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასული ინდმეწარმე „ზურაბ აბულაძე“ შეასრულებდა სამუშაოებს. ამ ზურაბ აბულაძის უკანაც რეალურად სხვა დგას…“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თემურ ბერიძე ჯამბულ აბულაძეს იმ პირობით დაშორებია, რომ დავით რიჟვაძესთან შეხვედრა შედგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა – საკითხის მოგვარებაში ხულოს საკრებულოს წევრი, მინდია რიჟვაძე ჩაერთო.

„რადგან მინდია რიჟვაძესაც უარი ვუთხარი ტენდერის დათმობაზე, მომიწყვეს პროვოკაცია ხულოს მერიის შენობის წინ, სადაც ვიდეო კამერებიცაა. მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცყოფაც, ექსპერტიზამ ჩემს სხეულზე მსუბუქი დაზიანებები დააფიქსირა… იქ იყო მინდია რიჟვაძეც… ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ როცა შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შენც უპასუხებ. თუ მე არ შევშინდებოდი და ტენდერზე უარს არ ვიტყოდი, ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ჩანაწერს, თუ მეც ვიჩხუბებდი,“ – აღნიშნავს თემურ ბერიძე „ბათუმელებთან“.

ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაპირისპირებაში თანასოფლელები ჩართულან – საჯარო მოხელეების კონფლიქტში თემურ ბერიძის მხარდაჭერას ღორჯომის სოფლებიდან ჯერ ხულოს ცენტრში, ხოლო შემდეგ ბათუმში, ყინულის სახლთან ჩამოსული ადამიანები ეცადნენ.

„რომ არა ეს ადამიანები, არ ვიცი, რა მოხდებოდა… ვეღარ გაბედეს ვერაფერი. ბათუმში დაახლოებით 200 კაცი იყო ჩამოსული ღორჯომიდან, მეორე მხარეს 30 კაცი იქნებოდა, შეხლა-შემოხლა აღარ იყო, ისე დავიშალეთ და გამოძიება დაიწყო. ტენდერზეც ხელშეკრულება გაგვიფორმეს და ჩვენ პირნათლად შევასრულეთ სამუშაოები, თუმცა გასული წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ახლა კი ჩემს „დასჯას“ გათავისუფლებით აპირებენ, რადგან მე ტენდერში დავით რიჟვაძის ჯგუფს ხელი შევუშალე და ჩემი პოლიტიკური გემოვნებაც განსხვავებულია – „ქართულ ოცნებას“ არ ვუჭერ მხარს,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ გასული წლის ზაფხულში დაიწყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, მე-3 ნაწილი]. წელიწადის და სამი თვის გასვლის შემდეგ ამ საქმეს არც ბრალდებული ჰყავს, არც დაზარალებული. ძიება არ შეწყვეტილა და არც არაფერი დადგენილა. ამასობაში თემურ ბერიძემ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციას“ მიმართა რისკის გამოსარიცხად – მის წინააღმდეგ რომ არ შეეტრიალებინათ საქმე. მას შემდეგ, რაც საქმეში საია ჩაერთო, პროკურატურამ ძალადობის მუხლით საქმე ცალკე გამოყო და ფიზიკური ძალადობის საქმეზე ხულოს საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე ბრალდებულად მიიჩნია, თემურ ბერიძე – დაზარალებულად. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო, თუმცა საქმის განხილვა სასამართლოში დასრულებული არ არის.

ვიდრე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებულმა მხარემ – მინდია რიჟვაძემ საერთო ენა უკვე გამონახა თემურ ბერიძესთან.

„მინდია რიჟვაძეს დავუწერე, რომ შევურიგდი და არ მაქვს პრეტენზია, ასე ვარჩიე… ჩემთვის მთავარია რეაგირება მოხდეს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,“ – ამბობს თემურ ბერიძე.

ვინაიდან თემურ ბერიძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, მას ძალადობის საქმეც გააცნეს. პროკურატურას ჯამბულ აბულაძეც გამოუკითხავს და ხულოს მერიც.

„რეალურად მოწმეები უთითებენ, რომ დაპირისპირება ეხებოდა ტენდერს. ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ გამოკითხვის დროს თქვა, რომ მასთან მივიდა მინდია რიჟვაძე, რომელიც უკვე განაწყენებული იყო თემურ ბერიძეზე ტენდერის გამო. ხულოს მერი ამბობს, რომ ის კონფლიქტის დეტალებს არ გასცნობია და საერთოდ არ იცის, რაზე დაუპირისპირდნენ მხარეები ერთმანეთს, მე უბრალოდ მხარეების შერიგებას ვცდილობდიო…“ – გვიყვება საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

ამავე საქმეშია ხულოს მერიის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ხულოს საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე თემურ ბერიძეს ხელს არტყამს. ეს ვიდეოჩანაწერი საია-ს იურისტს, პაატა დიასამიძესაც ნანახი აქვს და სასამართლოს საჯარო სხდომაზეც აჩვენებენ, თუ მანამდე განრიდება არ გაუფორმეს მინდია რიჟვაძეს იმის გამო, რომ მას თემურ ბერიძე შეურიგდა.

„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, თემურ ბერიძე ჩემი მეგობარია… კადრები გაქვთ თქვენ? ვინ გითხრათ, რომ იყო დაპირისპირება?… რაფერ გინდათ ახლა, რვაჯერ დამისვამ კითხვას და სხვანაირად გიპასუხებ?“ – ეს მინდია რიჟვაძის პასუხებია კითხვებზე, რაც ამ საქმეში ჩნდება. საკრებულოს წევრი, ბრალდებული მინდია რიჟვაძე ამ ეტაპზე გირაოს გარეშე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული. უცნობია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა როდის დასრულდება.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საჯარო განცხადებით 2020 წლის 19 აგვისტოს მოითხოვა გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა საია-ს თხოვნას გამოხმაურება პროკურატურის ნაცვლად არქივის სამმართველოში მოჰყვა – ამ უწყებამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად აქვს თემურ ბერიძეს, როგორც ხულოს არქივის უფროსს, ბიზნესსაქმიანობის უფლება.

ადმინისტრაციული წარმოება 2 ნოემბერს დასრულდა – არქივის სამმართველოში მიიჩნიეს, რომ თემურ ბერიძე არღვევს კანონს „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“. არქივის სამმართველო თემურ ბერიძის გათავისუფლებაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან ეს უწყება აჭარის განათლების სამინისტროს ექვემდებარება. აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტში კი გადაწყვეტილება ერთ თვეში უნდა მიიღონ.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ თემურ ბერიძე კანონს არ არღვევს, რადგან კანონი, რომელზეც არქივის სამმართველო მიუთითებს, კრძალავს საჯარო სამსახურის პარალელურად ბიზნესის მართვას და არა წილების, ან აქციების ფლობას.

„თემურ ბერიძემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც საწარმოს – „მთის ხარისხის“ დირექტორი არის არჩილ მელაძე“, – დასძინა პაატა დიასამიძემ.

„მან ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ წილი სამართავად გადაცემული აქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაკა ივანიშვილმა, ის აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსია და ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც თემურ ბერიძე, როგორც საჯარო მოხელე არღვევს კანონს „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.

მაკა ივანიშვილს ვუთხარით, რომ ასეთი დოკუმენტი რომც არ წარმოედგინა თემურ ბერიძეს, ეს საჯარო რეესტრშია ხელმისაწვდომი. არქივის უფროსს ვკითხეთ: რომ არა პოლიტიკური ინტერესი, რატომ გახდა აქტუალური თემურ ბერიძის ბიზნესსაქმიანობა ახლა, როცა ის კომპანიაში წილს 2016 წლიდან ფლობს?

„ვალდებული ვარ კანონის წინაშე რეაგირება მოვახდინო. თქვენ როგორ გგონიათ, ხელმძღვანელი რისთვის არის, რომ მარტო სავარძელში ვიყო, ბეჭედი დავარტყა რაღაცას და ხელფასი ავიღო?… თემურ ბერიძე მეშვიდე წელია ჩემი თანამშრომელია, დღეს გავხდი მისთვის ცუდი ხელმძღვანელი? არ შეიძლება საჯარო მოხელეს ჰქონდეს კომერციული საქმიანობა და მით უმეტეს, როცა ამბობს, სხვა მართავსო, იმათ ეჩხუბათ…

არ ვიცი, მე პოლიციელი არ ვარ. ჯერ ერთი, ძალიან ცუდად იქცევა იმიტომ კი არა, რომ აი, თქვენ მოგმართათ, მიმართოს ნებისმიერს, მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მოსულიყო ჩემთან და გვესაუბრა, ეთქვა, რომ რაღაც პრობლემა აქვს. მას აქვს წარმოდგენა, ვიჩხუბებ, ვიკამათებ და აბა, ერთი რამე გააკეთეთ. ის იყენებს არასწორ მიმართულებას, რომ თითქოს პოლიტიკურად ვდევნი მას…

მე სამმართველოს უფროსი ვარ და არავითარი გვერდითი დინებები არ მაქვს… ახლა გადასულია ეს საქმე სამინისტროში, მოდით, დაველოდოთ… მე უბრალოდ მოვახდინე ფაქტობრივი რეაგირება, რომელიც ყველა საჯარო სამსახურში უნდა მოხდეს. ასე რომ არ ყოფილიყო, ხომ მეტყოდით: ქალბატონო მაკა, რატომ არ გქონდათ რეაგირებაო?“ – აღნიშნა მაკა ივანიშვილმა „ბათუმელებთან“.

საარქივო სამმართველოს უფროსმა ვერ დაგვისაბუთა, მისი აზრით რატომ არღვევს თემურ ბერიძე ბიზნესში წილის ფლობით კანონს. მაკა ივანიშვილი თვლის, რომ თემურ ბერიძე „ძალიან ცუდად მოიქცა ჩხუბში“ და კიდევ: „მილიონჯერ გავაფრთხილე, ჯერ იყო და საპატრულო პოლიციას ეჩხუბებოდა, ვეუბნებოდი, არ შეიძლება ასე ყველა წამში ვიღაცას ეჩხუბო, საჯარო მოხელე ხარ და თმენის ვალდებულება გაქვს-მეთქი.“

მაკა ივანიშვილი გააღიზიანა კითხვამ დავით რიჟვაძეზე. ის ამბობს, რომ დავით რიჟვაძეს საერთოდ არ იცნობს და ახლა რომ დაინტერესდა საარქივო სამმართველო თემურ ბერიძის ბიზნესის წილებით, პოლიტიკა არაფერ შუაშია.

„მე საერთოდ არ ვიცნობ დავით რიჟვაძეს. გამიგია, ვინც არის, მაგრამ არ ვიცნობ და შემიძლია ხატზე დავიფიცო,“ – დასძინა მაკა ივანიშვილმა.

საარქივო სამმართველოს უფროსმა „ბათუმელებთან“ თქვა ისიც, რომ თემურ ბერიძე არქივის იურისტებს ემუქრება, თუმცა უწყებას, ან მის რომელიმე თანამშრომელს სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავთ.

საარქივო სამმართველომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სხდომაც გამართა, სადაც თემურ ბერიძის საკითხზე იმსჯელეს. თემურ ბერიძის თქმით, სხდომაზე იურისტებმა თქვეს, რომ კანონი არ ირღვევა, დოკუმენტში კი სხვა რამ ჩაიწერა. თემურ ბერიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ სხდომის ოფიციალური აუდიო ჩანაწერი გაქრა – მაკა ივანიშვილმა მას წერილობით უპასუხა, რომ ფაილი დაზიანდა და აღარ არსებობს.

მაკა ივანიშვილი: „იურისტები იწერდნენ, შესაძლოა, არ იცოდნენ უბრალოდ ჩაწერა, არ ვიცი, ან გაებნათ, არ გაუჭედათ, რაღაც მოხდა… შეუძლია თავიდან ჩაწეროს იურისტები ადვოკატების წინაშე“.

საარქივო სამმართველოს ოფიციალურ დოკუმენტში არც ის დაუმალავს, რომ თემურ ბერიძის საქმეზე მოკვლევას მას შემდეგ აწარმოებს, როცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოძიების დროულად დასრულება მოითხოვა.

„ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა: გამოძიება 333-ე მუხლით, ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე არ სრულდება, როცა გავაპროტესტეთ ამ საქმის გაჭიანურება საჯაროდ, ადმინისტრაციული და შემდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყეს, თანაც თემურ ბერიძის ბიზნესსაქმიანობის შესახებ წლების წინ იყო ცნობილი, ეს არ იყო საიდუმლო,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

„ბათუმელების“ კითხვას მოკლედ უპასუხა დავით რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამამ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

„მაგ საქმესთან არანირი შემხებლობა მე არ მაქვს და არც მინდა მაგ პიროვნებაზე საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა დავით რიჟვაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: