მთავარი,სიახლეები

აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI

09.11.2020 • 1234
აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი – IDFI  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს Covid19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის თანახმადაც ღამის 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით  გადაადგილება იკრძალება.

IDFI მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

„კომენდანტის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება.  ეს არის კომენდანტის საათი – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება,“ – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IDFI-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

„აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: