მთავარი,სიახლეები

თუ ეს გაუვიდათ, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალონ ივანიშვილი მომდევნო 10 წელი რომ იყოს

05.11.2020 • 1763
თუ ეს გაუვიდათ, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალონ ივანიშვილი მომდევნო 10 წელი რომ იყოს

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ახლა უკვე ოპოციის ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ფორმითაც ავტორიტარიზმის გზას დაადგება, თუ ხელახლა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას შეძლებს, რადგან უახლოეს პოლიტიკურ წარსულში ოპოზიცია ასე ერთიანი არასდროს ყოფილა.

რა ტაქტიკით აპირებს ოპოზიცია შედეგზე გასვლას? – „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

  • ოპოზიცია ემზადება 8 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის. რა არის თქვენი გეგმა, რა ტაქტიკით აპირებთ შედეგის მიღწევას? 

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საზოგადოების მობილიზება, რათა 8 ნოემბერს მაქსიმალური რაოდენობა გამოვიდეს თბილისსა და ბათუმში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ნოემბრის საპროტესტო ტალღა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით. ჩვენ უარს ვამბობთ პარლამენტში მონაწილეობაზე, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არჩევნების სამართლიანობას. ვითხოვთ ხელახლა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამ ამოცანების გათვალისწინებით იქნება გადადგმული ყოველი შემდეგი ნაბიჯი.

ჩემი დაკვირვებით, ტაქტიკა ალბათ იქნებოდა უფრო სწორი, თუ აქციები არ იქნებოდა ყოველდღიური. მასშტაბური აქცია ყოველდღიური არ უნდა იყოს და ეს უნდა იყოს თუნდაც კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ. მანამდე უნდა იყოს მიზნობრივი, თემატური საპროტესტო აქციები სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, აქტივობა სოციალურ ქსელში, შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოში თუ სააარჩევნო ადმინისტრაციებში დავების დასრულება, რაც ასე უხვად დაგროვდა.

  • ბათუმში მხოლოდ ერთი უბნის ხმების გადათვლას აპირებს საოლქო კომისია, ისიც იქ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. რა შემთხვევაში გახდება ეს პროტესტი ანგარიშგასაწევი?

როცა ვამბობთ საოლქო კომისიას, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სამწუხაროდ ყველა ვხდებით, რომ ვგულისხმობთ ივანიშვილს. ვიცით, რომ ყველა ამ კომისიის უკან დგას ივანიშვილის დაჯგუფება და გადაწყვეტილებები მიიღება არა საოლქო, ან ცენტრალურ კომისიებში, არამედ ივანიშვილის კარზე. ყველაფერი იქამდე დადის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა გამოააშკარავა ივანიშვილის რეალური განზრახვა.

  • და რა არის ივანიშვილის რეალური განზრახვა? 

ივანიშილს ძალიან სურს, რომ არავინ იყოს ისეთი მისი ხელისულების ირგვლივ, ვინც მას გააკრიტიკებს, ამხელს და დისკომფორტს შეუქმნის თავის ბიზნეს – პოლიტიკურ ბინძურ საქმიანობაში. ივანიშვილი ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდა, რომ ჰყოლოდა დანიშნული ოპოზიცია. მე მჯერა, რომ დღევანდელ ოპოზიციონერთა შორის არ მოიძებნება არავინ, ვინც მას გაურიგდება. იმის მიუხედავად, თუ რა ყრუ კედელი აღიმართება და რა სიმტკიცით, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ საპროტესტო ტალღა. საბოლოო ჯამში ეს საპროტესტო ტალღა გამოიწვევს იმას, რომ ივანიშვლის ხელისუფლება რამდენადაც მონოლითურად წარმოიდგინოთ ახლა ისინი, საბოლოოდ ჩამოინგრევა.

ამას სულ მალე მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან მწვავე კრიტიკა, ისინი ახლა აკვირდებიან საარჩევნო ადმინისტრაციების, თუ სასამართლოების დონეზე დავებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი გაკვირვებულები არიან იმ ფაქტებით, რაც ყოველდღიურად არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკაც გაძლიერდება. ამ წნეხს ივანიშვილის მანქანა კი არა, გაცილებით უფრო მტკიცე ავტორიტარული მანქანა ვერ გაუძლებს.

  • გამორიცხავთ, რომ ამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთოს ხელისუფლებამ? 

ის იგნორირებას გააკეთებს რაღაც დრომდე, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც ამ პროცესის ყველა მონაწილე ერთდროულად მას გაუკეთებს იგნირირებას და ეს იგნორირება იქნება გაცილებით უფრო გავლენიანი პროცესზე, ვიდრე მისი მხრიდან ხალხის იგნორირება.

  • რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? 

იმ შემთხვევაში, როდესაც საპროტესტო ტალღა იქნება მძალვრი, შეუქცევადი, თანმიმდევრული, მიზანმიმრთული… მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნები იქნება შეუდარებლად კრიტიკული და მწვავე, რაც ფაქტობრივად ივანიშვილის მმართველობის ლეგიტიმურობას ყველა მხრიდან დააყენებს ეჭვქვეშ.

  • თქვენ ახსენეთ საპროტესტო აქციების სიმძლავრე. რაზეა ეს დამოკიდებული, მხოლოდ ხალხის რაოდენობაზე? 

სიმძლავრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანების სიმრავლეზე. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ნოემბერს მართლაც იქნება შთამბეჭდავი აქცია ბოლო წლების საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის სიმტკიცე – პოლიტიკური პარტიები არ გატეხენ პირობას და ბოლომდე შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას, რომ არ დაუთმონ ივანიშვილს არჩევნების გაუქმება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მახსენდება ასეთი ერთიანობა. 2011 წელს, არც 2003 წელს არ შეკრულა ოპოზიცია ასე. დღეს ოპოზიცია და ქართველი ხალხი არ ებრძვის უბრალოდ ივანიშვილს და არ ცდილობს მის გაცილებას პოლიტიკადან. ჩვენ ვებრძვით ერთპარტიულ, ავტორიტარულ, არანორმალურ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ივანიშვილთან ერთად დავასრულოთ ივანიშვილიზმი. შესაბამისად, ამ სიმტკიცეს და ერთიანობას ახლა აქვს მართლაც ისტორიული მნიშვნელობა.

  • რა არის ამ ერთიანობის საფუძველი – ადამიანებმა დაინახეს ერთპარტიული მმართველობის საფრთხე, თუ სხვა მიზეზია? რა პოლიტიკური მომავალი ელის ქვეყანას, თუ ახლა ეს მოცემულობა არ შეიცვლება? 

თუ პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში არ შეიცვალა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკვე ფორმითაც დაადგება ავტორიტარული მმართველობის გზას. ფორმითაც როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ დღემდე ჩვენთან დემოკრატია არ ყოფილა, ჩვენ გვქონდა კვაზიდემოკრატია. ამის შემდეგ ეს უკვე შეეხება ინსტიტუციებს. დარწმუნებული ვარ, რომ კანონმდებლობაც ისე დაიწყებს შეცვლას, რომ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლებიც შეეზღუდოთ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, რუსეთში, ან ბელორუსში. წავა, რა თქმა უნდა, რეპრესიები, შანტაჟი, ყველას აღნუსხვა, ვინც გაბედა და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. წავა ოპოზიციონერების დევნა.

ჩემი პროგნოზით, თუ ივანიშვილს ახლა ეს გაუვიდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კონსტიტუციაშიც შეიძლება შეიტანონ ცვლილება, რომ აი, ივანიშვილი და მისი გუნდი იქნება მმართველი, მაგალითად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი პირობა. ყველაფერზე წავლენ, ნატოს და ევროკავშირს უბრალოდ დაგვავიწყებენ. ამათი მმართველობა არის კურსი კრემლისკენ. ეს კიდევ რას ნიშნჯავს, დაკვირვებული მკითხველი მარტივად მიხვდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: