მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

31.10.2020 • 1019
ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში, ხმა უბანზე მისცა.

„უზარმაზარი ნაკადი იყო და რეგისტრატორმა დაუშვა შეცდომა, მოაწერინა ხელი, მაგრამ დაიწერა საჩივარი ამაზე,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული პირი უბანზე, თავმჯდომარე ამბობს: „გვითხრა, უკვე დავამთავრე კარანტინი და გამოვედიო“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამის დამადასტურებელი ცნობა მოქალაქეს, კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ არა.  „თუმცა მანამდე ორი მოქალაქე მოვიდა და მათ ჰქონდათ ცნობა,“ – გვითხრა მან.

მირდატ ქამადაძის თქმით,  სპეციალურ სიაში მყოფმა პირებმა 84-ე, 71-ე და 98-ე უბნებზეც მისცეს ხმა.

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ დღეს განაცხადა, რომ მასთან იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც გუშინწინ მიუვიდა ამომრჩევლის ბარათი, სადაც ეწერა, რომ მე-17 საარჩევნო უბანზე აძლევდა ხმას, თუმცა ის საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს.

„უთხრეს, რომ არის კოვიდინფიცირებული, რომ სპეციალურ სიაშია და უბანზე ვერ მისცემდა ხმას,  მაშინ, როცა არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ მისთვის,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ელზა აგირბას, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქე კოვიდინფიცირებულთა სიაშია და მას ამიტომ არ მისცეს უბანზე ხმის მიცემის უფლება.

„ეს მოქალაქე არის სპეციალურ სიაში, როგორც კოვიდინფიცირებული. მაშინ უნდა წარმოედგინა ცნობა და თუ ინფიცირებულია, სახლში მიაკითხავენ,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: