მთავარი,სიახლეები

კოვიდინფიცირებული, რომელიც ცესკომ ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვა

30.10.2020 • 1723
კოვიდინფიცირებული, რომელიც ცესკომ ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვა

კოვიდდადებითი პაციენტები, რომელებიც საკუთარ ბინაში, სახლის პირობებში მკურნალობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასატანი ყუთის სიაში ვერ მოხვდნენ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მათ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში მათი მონაცემები არ იძებნებოდა და შესაბამისად, მათ ცესკო ვერ დაარეგისტრირებდა. მათ შორის არიან მოქალაქე ნინო სიორიძე და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

  • ქალბატონო ნინო, როდის მიმართეთ კომისიას და როგორ დაასაბუთა ცესკომ უარი გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით?

არჩევნებზე ფიზიკურად მისვლის შესაძლებლობა არ  მეძლევა იმიტომ, რომ კოვიდდადასტურებული ვარ. პასუხი, რომ კოვიდდადებითი ვარ, გავიგე ტესტის აღებიდან სამი დღის შემდეგ.  ჩვენ სამნი ვართ, მე და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრი. ჩვენი მონაცემები არ იყო არსად ბაზაში ასახული, შესაბამისად,  როცა ვრეკავდით ცესკოს ცხელ ხაზზე და ვითხოვდით გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრას, გვეუბნებოდნენ, რომ არ ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში და არ შეეძლოთ  გადასატანი ყუთის სიაში ჩევეწერეთ. ჯანდაცვის სამინიტროს ცხელ ხაზზე დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია, 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ საერთოდ გამეთიშა ტელეფონი. რაღაც დროის შემდეგ თავიდან დავრეკე, თუმცა იმ დღეს ვერ დავუკავშირდი, შემდეგ კი საერთოდ ჩავიქნიე ხელი, ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის ჩვენ პასუხიც არ გვქონდა ვიყავით თუ არა კოვიდდადებითი.

შემდეგ დაიდო ინფორმაცია, რომ გახანგრძლივდა რეგისტრაციის ვადა და კიდევ შეგვეძლო  გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრა გვეცადა. პირველად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ინფორმაცია რომ კოვიდდადასტურებულები ვიყავით გვიან მივიღეთ, თუმცა მაშინაც ცხადი იყო, რომ იზოლაციაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, ოჯახის ექიმი გვიკავშირდებოდა, 112- დანაც დაგვიკავშირდნენ.  ცესკოს პასუხი კი იყო – ასე ვინც დარეკავს ყველა უნდა ავღრიცხოთ მაშინ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობა დაირღვევაო. 

  • მაგრამ დაირღვა სამართლიანობა სხვა ნაწილში… 

დიახ,  ჯერ ტესტის გაკეთებაც ძალიან პრობლემური იყო. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ტესტის გაკეთება დაგვჭირდა, არ გვქონდა ტემპერატურა, თუმცა რეალურად ვიყავი ინფიცირებული პირის კონტაქტი. იყო ალბათობა იმისაც, რომ არ დაგვდასტურებოდა ვირუსი, თუმცა ოჯახის რამდენიმე წევრს უკვე ჰქონდა სიმპტომები, ტესტის გარეშეც გასაგები იყო, რომ ინფიცირებული შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ რაღაც კონკრეტული დაავადებების მატარებლები ვართ თუ არა, ამიტომაც ამ პერიოდში გვინდოდა ტესტი გაგვეკეთებინა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. საბოლოოდ ოჯახის ყველა წევრმა ვერ მოვახერხეთ ტესტის გაკეთება, ორნი მივედით მხოლოდ, იმ დღეს ადგილზეც პრობლემა იყო, იმიტომ, რომ არ გვქონდა იმ მომენტში ტემპერატურა და არ  გვიკეთებდნენ ტესტს.

ვისაც არა აქვს ტესტირება საერთოდ გაკეთებული, პრაქტიკულად ვერ მოხვდებოდა ცესკოს სიაში, მთელი ისტორიის მოყოლა გახდა საჭირო, რომ მანამდე კოვიდდადებითან გქონდა კონტაქტი და გვქონდა გამოხატული სიმპტომები, დავკარგეთ სუნის და გემოს შეგრძნება. ჩვენ გვინდოდა გაგვეგო ოჯახის სხვა წევრებისგან ვსაჭიროებდით თუ არა იზოლაციას.

  • რატომ არ შეიტანეს თქვენი მონაცემები ბაზაში მას შემდეგ, რაც მოახერხეთ ტესტის ჩატარება და ვირუსი დაგიდასტურდათ?

ვერ გეტყვით, ეს ვერ გავარკვიეთ. როცა დავრეკეთ პოლიკლინიკის ცხელ ხაზზე, მათ გვითხრეს, ჩვენთან კეთება მხოლოდ ლაბორატორიული პროცედურა -ტესტის აღება, პასუხები სხვაგან მზადდება და ისინი უკან პოლიკლინიკას არ უბრუნდებაო, ანუ ისინი ინფორმაციას ვერ გასცემდნენ. მეუბნებოდნენენ დავკავშირებოდი 112-ს.

დავრეკე  112- შიც, მათ კი მითხრეს, რომ ასეთი ინფორმაცია მათთან არ მიდის, ჯანდაცვასთან კიდევ, რაც ხდება ცხელ ხაზზე, ეს თქვენც იცით – ამის შემდეგ ვარჩიეთ უბრალოდ ლოდინი, დავრჩით თვითიზოლაციაში და ველოდებოდით პასუხებს.

ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სამი ადამიანი ვართ, ვისაც გვინდოდა ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშუალებით, მაგრამ არ გამოვიდა. ამ სიაში მოხვედრაზე გვითხრეს უარი.

  • ფიქრობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს, ვისაც ამის ორგანიზება ევალებოდა, მეტი ძალისხმევა რომ გაეღოთ, შეძლებდით თქვენი ხმის დაფიქსირებას არჩევნებზე?

ის, რომ საარჩევნო წელია, დიდი ხანია ვიცით. ვიცოდით, რომ აუცილებლად დადგებოდა პანდემიის მეორე ტალღაც, რომ ეს პერიოდი დაემთხვეოდა არჩევნებს – ასეთი მოლოდინები იყო წინასწარ, ამიტომ პირველი გონივრული ეჭვი რაც შეიძლებოდა გაჩენილიყო, იყო ის, რამდენად მაღალი იქნებოდა ამ პირობებში საზოგადოების ჩართულობა არჩევნებში.

შეიძლება ზოგი ფიქრობდა, რომ ჯამრთელობიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების პირობებში,  ადამიანებს უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ რისკის მიუხედავად გამოთქვამს სურვილს დააფიქსიროს თავისი არჩევანი, არ ეძლევა ამის საშუალება. ფაქტია, რომ გადატვირთულია ყველა სისტემა, რომელსაც დაევალა ამ მიმართულებით, თუნდაც სტატისტიკის  მოგროვება. წარმოუდგენელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც აბსოლუტურად სხვა საქმით არის დაკავებული, ასეთ აღრიცხვას სრულად ჩაატარებდა. ვფიქრობ, რაიმე გამოსავლის მოფიქრება შეიძლებოდა.

  •  რა განცდა გაქვთ, გაბრაზებული ხართ?

ალბათ არავის არ აწყობს დაბალი აქტივობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს შევხვდით აბსოლუტურად მოუმზადებელი. შეიძლებოდა მეტი წანდახედულობის გამოჩენა, როგორც საარჩევნო, ასევე პანდემიის მეორე ტალღასთან მიმართებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: