მთავარი,სიახლეები

ბათუმის მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად – „ბათუმელები“ ახალ კამპანიას იწყებს

30.10.2020 • 1245
ბათუმის მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად – „ბათუმელები“ ახალ კამპანიას იწყებს

2020 წლის არჩევნების წინ ბევრი დაპირება მოვისმინეთ, მათ შორის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზეც. პოლიტიკოსების პოზიცია ძირითადად ასეთია – მწვანე პოლიტიკა კარგია, გვჭირდება, თუმცა იგივე გვესმოდა წინა წლებშიც, არჩევნების შემდეგ კი მწვანე პოლიტიკის საკითხები არაპოპულარული, მეორეხარისხოვანი ხდება პოლიტიკოსებისთვის და როცა არჩევანი მწვანე პოლიტიკასა და ცალკეული ბიზნესკომპანიების ინტერესებს შორის დგება, საკითხი თითქმის ყოველთვის ბიზნესის სასარგებლოდ წყდება.

უცნაურია, რომ ამ არჩევნებზე მწვანე პოლიტიკის თემა განსაკუთრებით აქტუალური არ გახდა ბათუმში, ქალაქში, რომელიც ურბანული კატასტროფის ზღვარზეა, რომლის ბეტონის კედლებში ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი ბრიზის ნაცვლად უკვე სამშენებლო მტვრის ნისლი დგას, სადაც შესაძლებელია ბეტონის ქარხანა უკანონოდ სამი წელი მუშაობდეს ქალაქის შუაგულში და სადაც მწვანე სივრცე მცირდება.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ბათუმელებმა“ დაიწყოს მედიაკამპანია მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად. მიგვაჩნია, რომ ეს საშუალებას მოგვცემს, ხაზი გავუსვათ მწვანე პოლიტიკის აუცილებლობას ბათუმში, აჭარის რეგიონსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

გვინდა საზოგადოებას, ჩვენს მკითხველს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკოსებს, მუდმივად შევახსენოთ მწვანე პოლიტიკის  მნიშვნელობა და ის შედეგებიც, რაც მის უგულებელყოფას მოჰყვება.

ეს შედეგები სახეზეა და მას ყოველ დღე ვგრძნობთ, ვსუნთქავთ და ვხედავთ.

სამშენებლო მტვერი,  ავტომანქანების გამონაბოლქვი, ქალაქის ქაოსური განაშენიანება, სკვერებისა და პარკების ნაცვლად სამშენებლო მოედნები, პარკინგის არარსებობის გამო ველობილიკებზე გაჩერებული ავტომანქანები ქმნიან გარემოს, რომელიც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება – ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, რაც ფილტვის დაავადებებს, სიმსივნესა და მძიმე ლითონებით მოწამვლას იწვევს, ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა, დამოუკიდებლად გადაადგილება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის რთულია.

ეს უკვე ახლა, ჩვენს თვალწინ ხდება.

როგორი იქნება ეს ქალაქი ხუთი, ათი წლის შემდეგ, თუკი მწვანე პოლიტიკა ისევ მეორეხარისხოვანი და მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილი პუნქტი იქნება? სად და როგორ ვიცხოვრებთ? როგორი ჯანმრთელობით?

ამ კითხვებზე პასუხები გვჭირდება საზოგადოებისგან, გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსებისგან, სამშენებლო და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რომელთა საქმიანობა პირდაპირ აისახება საზოგადოების საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე, გვჭირდება მეტი ვიცოდეთ მწვანე პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით, არამედ სოციალური სამართლიანობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებისათვის.

ამ მედიაკამპანიაში „ბათუმელებს“ მხარს უჭერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: