ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

30.10.2020 • 1224
ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

ცესკოს ინფორმაციით, სპეცსიაში 3 695 ამომრჩეველი შეიყვანეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში. მათ ყუთს ადგილზე მიუტანენ. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ თავად 14 431 ამომრჩეველს დაუკავშირდნენ, რომლებიც იყვნენ ბაზაში და მოუწოდეს მოეთხოვათ გადასატანი ყუთი.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – აცხადებს ცესკო. თუმცა, სპეცსიაში აქედან მხოლოდ 3 695 ამომრჩეველი რატომ შეიყვანეს და სხვები არა [ვინც დარეკა] – ამაზე განმარტება ცესკოსგან ვერ მივიღეთ.

ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მინიმუმ 10 736 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას, ვინაიდან ისინი არ არიან სპეცსიაში [14 431 – 3 695 = 10 736]. მათ ადგილზე ყუთს არ მიუტანენ, უბანზე ხმის მისაცემად მისვლა კი, ამ ამომრჩევლების მხრიდან იზოლაციის წესების დარღვევა იქნება, რაც კანონით დასჯადია. ამასთან, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, მათი უბანზე მისვლა სხვების ჯანმრთელობისთვისაა სარისკო.

გარდა ამისა, ხმას ვერ მისცემენ ვერც ის ამომრჩევლები, რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ 28-29-30 ოქტომბერს. მათი რაოდენობა უცნობია, თუმცა 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია [ყველა ასაკის] 29 387 ადამიანი.

ცესკოს ვკითხეთ, კოვიდპაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, შეიყვანეს თუ არა სპეცსიაში და მიუტანენ თუ არა ყუთს ადგილზე? – „კოვიდპაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ითვლებიან თვითიზოლირებულად და მათაც უნდა დაერეკათ ცესკოში საარჩევნო ყუთის მოთხოვნით და რეკავდნენ კიდეც. ვინც სპეცსიაშია, ყუთი მიუვა ადგილზე“, – გვითხრეს ცესკოში დღეს, 30 ოქტომბერს.

30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, 10 618 კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე [თუმცა არ ვიცით, ამათგან რამდენია ამომრჩეველი].

ცესკოს ინფორმაციით:

  • „გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში საავადმყოფოებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი სულ 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
  • სპეცსიაში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა არის – 7 150
  • სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა სპეცსიაში არის – 1 917“.

„30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს ცესკო.

მიუხედავად სპეცსიის დამტკიცებისა, ნახეთ დეტალურად, თუ ვინ ვერ მიიღებს მონაწილეობას პანდემიის გამო არჩევნებში:

ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: