მთავარი,სიახლეები

სოფელი ხულოში, სადაც არჩევნებზე არავინ მიდის

30.10.2020 • 2994
სოფელი ხულოში, სადაც არჩევნებზე არავინ მიდის

სოფელი, სადაც არჩევნებზე მისვლას არავინ აპირებს, წაბლანაა. ხულოს ამ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

„არავინ არ აპირებს მისვლას, დილით საარჩევნო უბანთან დავდგებით, იქ არავინ შევა,“ – ამბობს წაბლანაში მცხოვრები ბაჩი შაინიძე.

წაბლანელები რომ არჩევნებზე მისვლას არ აპირებდნენ, ამის შესახებ მათ აჭარის მთავრობის სახლთან 5 სექტემბერს მოწყობილ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე თქვეს. წაბლანაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ საცხოვრებელი ბინები ბათუმში გადასცეს, თუმცა რემონტის გარეშე. ეკომიგრანტები თვლიან, რომ თუკი დევნილების საცხოვრებელი კორპუსი ბიუჯეტის ხარჯზე გარემონტდა, ეკომიგრანტებსაც უნდა გამოუყონ რემონტისთვის ფული.

დღეს, 30 ოქტომბერს, წაბლანელებს სოფელში კრება მოუწყვიათ და კიდევ ერთხელ უმსჯელიათ, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. კრებაზე ბოიკოტი ძალაში დატოვეს.

ხულოს მერის რწმუნებული სხალთაში, რაულ მხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კრებას არ დასწრებია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმირებულია და იცის, რომ მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

წაბლანაში ამომრჩევლის მისაღებად მზადაა საარჩევნო კომისია, თუმცა კომისიის რომელიმე წევრი ამ სოფლის მკვიდრი არავინ  არის.

„ჩვენ მზად ვართ, თუ მოვლენ, მათი ნებაა, ამომრჩეველს ძალით ხომ ვერ მოიყვან… ჩვენ დაბა ხულოდან ვართ, კომისიის რომელიმე წევრი წაბლანელი არ არის,“ – გვითხრა სოფელ წაბლანას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ჯამბულ აბაშიძემ.

წაბლანის მცხოვრებლებს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი ბათუმში 2018 წელს გამოუყო, სადაც კორპუსი ააშენა და ამ კორპუსში წაბლანელებს ბინები გადასცეს.

1989 წელს წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. მაშინ სახელმწიფომ წაბლანის გადარჩენილი მოსახლეობა ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა, ბინების გადაცემის პირობით. 29 წლის განმავლობაში ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ წაბლანელები ისევ დაბრუნდნენ თავიანთ სოფელს.

ამ თემაზე:

 

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: