მთავარი,სიახლეები

უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს 15 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება

29.10.2020 • 1341
უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს 15 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება

საყოველთაო გაფიცვის შემდეგ უკანონოდ  გათავისუფლებულ სოცმუშაკს, ივანე ბუბაშვილს კომპენსაციის სახით 15 000 ლარს გადაუხდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სოცმუშაკის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა.

ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან დათხოვილი სოციალური მუშაკები რამდენიმე სასამართლოში დავობენ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა სამსხურში მის დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან მის პოზიციაზე უკვე სხვა მუშაობს.

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, განსხვავებით რუსთავის საქალაქო სასამართლოსგან, დააკმაყოფილა EMC-ის შუამდგომლობა და დამსაქმებელს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, სააგენტოს ახალი კადრებით შეევსო ვაკანტური პოზიციები. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სოციალურ მუშაკებს აძლევთ გარანტიას, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმავე პოზიციაზე აღდგნენ სამსახურში,“ – განმარტავს EMC-ის იურისტი, ლადო ქუთათელაძე.

სოციალური მომსახურების საააგენტოდან 2019 წლის 11 დეკემბერს 33 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, მათგან 8 სოცმუშაკმა მიმართა სასამართლოს.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. ეს ის უწყებაა, სადაც სოცმუშაკები რეორგანიზაციის შემდეგ გადაიყვანეს სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ივანე ბუბაშვილი, თუმცა ჯერ ის მოსამართლის დასაბუთებას ელოდება.

სამსახურიდან გაშვებამდე, სოცმუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გასულ წელს პერმანენტულ აქციებს მართავდნენ, მათ გაფიცვაც მოაწყვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: