მთავარი,სიახლეები

ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადების ფაქტს

29.10.2020 • 924
ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადების ფაქტს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს „რადიკალური ოპოზიციის“ „დესტრუქციული გეგმების“ ნაწილი მათი მედიასაშუალებებიც იქნებიან.

კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი დაასახელა. კობახიძემ განაცხადა, რომ გოგელია ენმ-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მოსთხოვა დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია “ხმაურის მოწყობას“ გეგმავდა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას:

„ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/492681/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: