სიახლეები,ჯანმრთელობა

საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ

26.10.2020 • 2074
საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საქართველოში მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ საწარმოებს ობიექტებზე მტვრის შემაკავებელი თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დაყენებას და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოები 20 000-დან 80 000-მდე ლარით დაჯარიმდებიან ან პრობლემის აღმოფხვრამდე – შეაჩერებენ მუშაობას.

აქამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმა 500-დან 1 000-მდე ლარი იყო.

საუბარია რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, მოძრაობა “გავიგუდეთ” წარმომადგენლებისა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. მას წინ უსწრებდა 2019 წელს რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გულისხმობს, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდას; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესებას; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭებას; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელებას მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე; ახალი რეგულაციები პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ორი მოსმენით დაამტკიცა.

რეგულაციების თანახმად, თუ საწარმო არ ფლობს შესაბამის ფილტრაციის სისტემას, ან ფლობს, მაგრამ იგი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ჰაერში და ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, საწარმო 20 000-30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ზენორმულად, ანუ დადგენილ ნორმაზე დიდი გადაჭარბებით, ასეთ შემთხვევაში საწარმო 40 000-80 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მრავალჯერადად გახდება დამრღვევი და არ გამოასწორებს დარღვევას, ზედამხედველობის სამსახური დროებით შეაჩერებს საწარმოს საქმიანობას, ვიდრე საწარმო, დათქმულ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას.

სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი: „ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის, რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, ამძიმებს ჰაერის მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს”.

გეგმის ბიუჯეტი 63 მილიონი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით ეს თანხა 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს. გეგმის მიხედვით, უშუალოდ რუსთავში იგეგმება ახალი მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც მოიცავს ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას და ველობილიკების შექმნას. ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოებას. 

ჰაერის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, სადაც ჩანს, რომ ამ წუთებშიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჭიათურაში, რუსთავში, საჩხერესა და ბათუმში, მტვრის ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია ზღვარს აჭარბებს.

მთავარი ფოტო: ნეტგაზეთი

____

ამავე თემაზე:

ნაადრევი მშობიარობა და დაბინძურებული ჰაერის სხვა შედეგები – ახალი გლობალური კვლევა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: