ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ადლია-კახაბერში მიწის 9 ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება

21.10.2020 • 1816
ადლია-კახაბერში მიწის 9 ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება

ბათუმში, ადლია-კახაბრის დასახლებაში, მიწის 9 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ნაკვეთების საერთო ფართობი 14 759 კვ/მ-ია, მათი გასაყიდი საწყისი ფასი კი,  ჯამში, 1 567 000 ლარი.

ნაკვეთების ფართობები 917 კვ/მ-იდან 5015 კვ/მ-მდეა, გასაყიდი საწყისი ფასი კი – 100 ათასიდან 502 ათასამდე ლარი. თითოეული ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 200-300 ათასამდე ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სამინისტროს ინფორმაციით, „აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა წარმოების ან/და დახურული ტიპის საწყობი უნდა აამოქმედონ. თითოეულ ობიექტზე დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.

აუქციონების პირობების მიხედვით, ამ ნაკვეთებზე ინერტული მასალების წარმოება იკრძალება. აუქციონები 2020 წლის 28 ოქტომბერს დასრულდება.

საერთო პირობები თითქმის ყველა ნაკვეთისთვის იდენტურია [გარდა საბანკო გარანტიისა და საინვესტიციო ვალდებულებისა].

გამარჯვებული საბოლოო საპრივატიზებო საფასურს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად გადაიხდის და სრულად 2022 წლის 20 სექტემბრამდე დაფარავს.

გამარჯვებულს ასევე ევალება:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს (წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საწარმოს ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში შესაბამისი ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთები

ადლია-კახაბერში სამინისტრო კიდევ ერთ ნაკვეთს ყიდის 11 270 ლარად, რომლის ფართობი 135 კვ/მ-ია, თუმცა – უპირობოდ. აუქციონში აღნიშნულია, რომ გასაყიდ ნაკვეთზე მდებარეობს მომიჯნავე ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის კედელი.

განმეორებით აუქციონზე იყიდება ასევე მიწის ნაკვეთი, რომელიც ახალსოფელში მდებარეობს. 5 440 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 370 ათასი ლარია. 9,5 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე წინა აუქციონზე.

სამინისტრო, ასევე პირობებით, კურორტ გოდერძიზე მდებარე მიწის 10 ნაკვეთს ყიდის. აუქციონები ამ შემთხვევაში 2020 წლის 2 ნოემბერს დასრულდება:

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, მიწის 10 ნაკვეთს პირობიან აუქციონზე ყიდიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: