მთავარი,სიახლეები

ჯოჭოში მეწყრით დაღუპული ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვენ [LIVE]

15.10.2020 • 1596
ჯოჭოში მეწყრით დაღუპული ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვენ [LIVE]

ხელვაჩაურის მერიასთან ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები და სოფლის მცხოვრებლები მივიდნენ. ისინი ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერიის შენობაში, მერის კაბინეტში შევიდნენ. დასხდნენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ კაბინეტის დატოვებას, სანამ მერი გადადგომის შესახებ განცხადებას არ დაწერს.

„მოვითხოვთ მერის გადადგომას და დასჯას“, – აცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რომლებიც მერის კაბინეტში იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ არ დატოვებენ მერიას, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

„ვერ გაგვაჩერებთ ჭირისუფალს, სხვა ოჯახებიც არიან საფრთხის ზონაში, მათ განცხადებებს ვერ გააქრობთ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია ხელვაჩაურის მერის კაბინეტში

კაბინეტში იმყოფება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სხვა ჟურნალისტებთან უკვე გააკეთა კომენტარი და ჩვენს გამოცემასთან არ ისაუბრებს.

პირველ ოქტომბერს განვითარებულმა მეწყერმა სოფელ ქვედა ჯოჭოში სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას ემსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: