განათლება,მთავარი,სიახლეები

ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

08.10.2020 • 3196
ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორიცაა.

როგორც თამარ ლოსაბერიძემ გვითხრა, ერთი კვირის წინ ტექნიკური ტრენინგი სკოლების IT სპეციალისტებს ჩაუტარა, სწორედ ეს პირები არიან პასუხისმგებელი, დაატრენინგონ სკოლის მასწავლებლები და დაეხმარონ მშობლებსაც.

თამარ ლოსაბერიძის თქმით, მასწავლებლებმა და მშობლებმაც პირველი ეტაპის შემდეგ „თიმსში“ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ტექნიკური დეტალები, რაშიც მათ სხვების დახმარება სჭირდებათ.

„ყველაზე გავრცელებული პრობლემა პაროლების აღდგენაა. ერთ დღეს რომ შეიყვანს მოსწავლე პაროლს, მეორე დღეს ავიწყდება. აღუდგენ, ისევ ავიწყდება. დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ბავშვები პაროლის აღდგენას, მშობლებსაც სჭირდებათ დახმარება.

თუკი eschool-ის საინფორმაციო მართვის სისტემაში მოსწავლისა და მშობლის შესაბამისი ინფორმაცია, ტელეფონი და კომპიუტერის კოორდინატები არ არის ზუსტად მითითებული, მაშინ პაროლის აღდგენაც რთულია, რადგან ანგარიში ავტომატურად არ ენიჭება მომხმარებელს,“ – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

მისი თქმით, Microsoft-ის (office 365) ანგარიში დაცულია და უცხო პირები ვერ შეაღწევენ.

„რადგან 13 წლამდე მოსწავლეს არ შეუძლია ჰქონდეს თავისი ელექტრონული ფოსტა, ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. „თიმსში“ დარეგულირებულია კიბერუსაფრთოების საკითხიც. ამიტომ, თუ მოსწავლე მაინც გადაწყვეტს, რომ სადმე დარეგისტრირდეს ამ ფოსტით, სოციალურ ქსელში ან სხვა პორტალზე, ვერ შეძლებს ამ ფოსტის გამოყენებას, რადგან დაცული ქსელია,“ – გვითხრა თამარ ლოსაბერიძემ.

როგორც ის ამბობს, „თიმსში“ შექმნილ კლასში მოსწავლე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავს, გარდა იმისა, რასაც პედაგოგი მოსწავლეებს გაუზიარებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლე ე.წ. „ბუქში“ მუშაობს, რომელსაც მას სახელმწიფო აძლევს.

როგორც ტრენერი ამბობს, Emis-ის მიერ მომზადდა არაერთი ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად ახსნილია როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა „თიმსის“ კლასი, ცალკეული ტრენინგების დროს კი ტრენერები მათ ინფორმაციის განმტკიცებაში ეხმარებიან.

„მასწავლებლებმა ისწავლეს როგორ შევიდნენ კლასში, როგორ წამოიწყონ ზარი, მარცხენა პანელზე განთავსებულია ვიდეოგაკვეთილებიც და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ნაჩვენები ყველაფერი. არსებობს NIKA BOT-ი, რომელსაც შეუძლიათ დაუსვან კითხვები და მიიღებენ პასუხს. სწავლობენ, როგორ ჩანიშნონ კალენდარი და ასე შემდეგ,“ – გვეუბნება თამარ ლოსაბერიძე.

კითხვაზე, თუ რატომ გახდა სამინისტროს ჩარევა აუცილებელი ონლაინგაკვეთილში, ლოსაბერიძე ამბობს, რომ ეს იმ უხერხულობებს უკავშირდება, რომლებიც პირველ ეტაპზე შეიქმნა ონლაინგაკვეთილების მსვლელობისას და სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები უთიშავდნენ მასწავლებელს ეკრანს ან თვითონ ხდებოდნენ მოდერატორები და მასწავლებელი ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას.

სწორედ ამ „პირველი ცელქობების“ დროს, როგორც თამარი ამბობს, გამოჩნდა ჩარევის საჭიროება.

„ახლა მოსწავლეს შეზღუდული აქვს მოდერატორობის ფუნქცია, თუ მას სურს კითხვის დასმა, ხელი უნდა ასწიოს, ან პრეზენტაციას თუ აკეთებს, კონკრეტულ შემთხვევაში აძლევს მასწავლებელი მას უფლებას, გახდეს პრეზენტატორი, დასრულების შემდეგ კი ეს უფლება მოსწავლეს ისევ შეეზღუდება.

მოსწავლე ვეღარ შეძლებს გაუთიშოს მასწავლებელს მიკროფონი, თუ მას სურს რაიმეს თქმა, შეუძლია ჩართოს თავისი მიკროფონი. იძულებული გავხდით შეგვემუშავებინა ონლაინსაკლასო წესები, ისე, როგორც ეს კლასშია“.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც ლოსაბერიძე ამბობს, მათ ახლაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შექმნან კლასი „თიმსში“, თუმცა „ემისის“ მიერ შექმნილ კლასში ის ბევრად დაცული იქნება მსგავსი ტიპის უხერხულობისგან და რისკებისგან, მასალების წაშლისგან.

შეიცვალა ისიც, რომ „ემისის“ მიერ შექმნილ კლასში დირექტორს მიეცა გაკვეთილის მონიტორინგის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორს შეუძლია ყველა გაკვეთილს დაესწროს და ნახოს, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი.

„მე, როგორც დირექტორმა, ყველა ჯგუფში ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ვიყო ჩამატებული. ეს ნიშნავს, რომ მე ვხედავ იმ მასწავლებლების საქმიანობას, ვისაც დამატებული ვყავარ. ვხედავ რამდენი ბავშვი შემოდის, ვინ შემოდის, ვინ – ვერა,“ – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

კითხვაზე, ხომ არ შეუქმნის ეს მასწავლებელს გარკვეულ დისკომფორტს, როცა იცის, რომ შესაძლოა მის გაკვეთილს ვიღაც უთვალთვალებს, ლოსაბერიძე ამბობს, რომ ამ თვალთვალს, ანუ როგორც თვითონ ამბობს „უხილავ მონიტორინგს“ მხოლოდ მასწავლებლის დახმარების მიზანი აქვს.

„ეს არ არის სადამსჯელო მონიტორინგი, ეს არის მეგობრული, „უხილავი მონიტორინგი“, რომლის მიზანიც არის მხარდაჭერა, ტიპიური შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ესთეტიკურ გამოჩენას ეკრანზე. ვამოწმებთ, რომ არ იყოს ძალიან ახლოს ეკრანთან, ფონზე არ ჩანდეს რაიმე უხერხული მომენტები, იცით ხომ, ბევრი ოჯახური კურიოზი იყო პირველ ეტაპზე, ამიტომ ამ „უხილავი“ კეთილგანწყობილი მონიტორინგით ვეხმარებით მასწავლებელს“, – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

თუ ვინ ესწრება მის გაკვეთილს, ამის დანახვა მასწავლებელს გაკვეთილის პროცესშიც შეუძლია და გაკვეთილის შემდეგაც, თუკი დამსწრეების მონაცემებს ჩამოტვირთავს.

მონაცემებში მასწავლებელს ასევე შეუძლია დაინახოს, ვინ შემოვიდა, რამდენი ხანი დაჰყო ან როდის დატოვა გაკვეთილი.

___________________________________

მთავარ ფოტოზე: თამარ ლოსაბერიძე/ტრენერი, სკოლის დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: