განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შეცდომას უშვებენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს

07.10.2020 • 4230
რა შეცდომას უშვებენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკას 11 997-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა, აქედან 17.5-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. სხავადასხვა დროს ჩატარებული საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ მათემატიკაში დაბალი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მარტივი მოქმედებების შესრულებაც კი. არსებობს სტერეოტიპი, რომ მათემატიკა რთულია და განსაკუთრებული ნიჭია საჭირო მის ასათვისებლად. მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი კი გვარწმუნებს, რომ მათემატიკა კი არ არის რთული, არამედ ის გასაგებად უნდა ვასწავლოთ. რა შეცდომას უშვებენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება პედაგოგი.

  • ბატონო დაჩი, როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ მოსწავლეების დიდ ნაწილს მათემატიკის სწავლა. მართლა განსაკუთრებულია ნიჭია საჭირო ამისთვის, თუ სწავლების მეთოდიკაშია რაიმე შესაცვლელი?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზეპირობა ხდება. მაგალითად, წილადების შეკრებისას ვასწავლით წესს და არა გააზრებას. როცა ბავშვს კარგად არ ესმის რას აკეთებს, შესაბამისად, ამ წესსაც მალე ივიწყებს.

პირველი-მეოთხე კლასის ბავშვებისთვის უფრო ადვილია, რადგან ისინი მთელ რიცხვებში ტრიალებენ, მაგრამ შემდეგ, როცა შემოდის წილადი, ათწილადი, სადაც გააზრება უნდა მოხდეს ამოცანის თუ საკითხის, ვეღარ იგებენ, რთული ხდება მათთვის.

მოგეხსენებათ, მათემატიკა არის ჯაჭვი და თუ სადღაც ჩავარდნა გაქვს, გიჭირს წინ წასვლა, თუ ის დანაკარგი არ შეივსო. აბიტურიენტებიც კი, ვისაც ცუდი შედეგი ჰქონდა სკოლაში, მათემატიკაში მომზადებას ზუსტად VI-VII კლასის მათემატიკით იწყებენ.

  • რა ეტაპია ის, რაც VI-VII კლასის შემდეგ იწყება მათემატიკაში და რატომ ვერ ძლევენ ამ ბარიერს ბავშვები?

ერთი მიზეზი არის ის, რომ მთელ რიცხვებს ვშორდებით, შემდეგი ძირითადი პრობლემა კი უკავშირდება ტექსტის გააზრებას, რომელიც მათემატიკისგან შორსაა, მაგრამ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ეს პრობლემაა წიგნიერება, რომელიც არ გულისხმობს იმას, რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, არამედ წაკითხულის შინაარსის გაგებას. რეალურად, როცა ამბობენ, რომ ბავშვებს პრობლემა აქვთ მათემატიკაში, მიმატება-გამოკლება კი არ უჭირთ, არამედ უჭირთ გაიგონ რა უნდათ მისგან.  ამოცანის პირობას ვერ იგებენ, თუ გაიგებენ, მერე აკეთებენ.

ხშირად მშობლები ამბობენ ხოლმე ფრაზას – „კითხულობს და ვერ იგებს, მე რომ წავუკითხავ, მერე იგებს და აკეთებს დავალებას“. ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში.

  • მოსწავლე რომ ვერ იგებს ამოცანის პირობას, ეს ბავშვის პრობლემაა თუ მასწავლებლის?

ერთი მიზეზია ის, რომ არის ბავშვების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ცუდად კითხულობენ. მშობლები მეუბნებიან, მოგვეცით ზაფხულისთვის დავალებები, რომ რაღაც აკეთოს ბავშვმა. მესამე-მეოთხეკლასელი ბავშვების მშობლებს ვურჩევ, რომ ზაფხულში დავანებოთ თავი მათემატიკას, რადგან ახლა ჩვენი მიზანია კარგად და გამართულად ვიკითხოთ და  გავიგოთ შინაარსი. ვეუბნები, შეარჩიეთ ლიტერატურა, წააკითხეთ ბავშვს მცირე რაოდენობით ყოველდღე და შემდეგ მოაყოლეთ რა წაიკითხა, რა გაიგო, რა შინაარსი გამოიტანა. III-IV კლასებში სწორედ წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს.

ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ (ამას კვლევა სჭირდება) არის მეთოდიკის პრობლემაც. როცა მასწავლებელიც უშვებს შეცდომას. არასწორია, როცა მოსწავლე დავალების პასუხს იღებს და მასწავლებელი ამით კმაყოფილია. სწორია, როცა ბავშვს შეუძლია პრობლემის დანახვა. მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა. ამოცანის პასუხი კი არ უნდა იყოს მთავარი, რაც მშობელსაც აკმაყოფილებს ხოლმე და მასწავლებელსაც, არამედ როგორ მივიდა ბავშვი ამ პასუხებამდე.

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია გავერკვეთ რა არის ამოცანაში მნიშვნელოვანი, რა არის მეორეხარისხოვანი, დავგეგმოთ რას გავაკეთებთ. რა ხდება კლასში, ამოცანა ითქმება და ყველას ერთი სული აქვს პასუხი წამოიძახოს. მასწავლებელმა პასუხი კი არ უნდა იკითხოს, არამედ ის, როგორ მივიდა მოსწავლე ამ პასუხამდე.

  • თუ ბავშვი ვერ ახერხებს, ვთქვათ, წაკითხულის გააზრებას, მაშინ სწორ პასუხამდე როგორ მიდის?

ეგეც არის, რომ ხშირად ბავშვი თვითონაც ვერ ხვდება ამას. მშობელიც მეუბნება ხოლმე, – „პასუხს მეუბნება, მაგრამ ვერ მეუბნება, როგორ მივიდა აქამდე“. ზუსტად ამას ვამბობ მეც.

სანამ პასუხამდე მივალთ, უნდა შევძლოთ, რომ პრობლემა დავსახოთ და დავგეგმოთ მისი გადაჭრა. ამიტომ მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვებმა, პირველ რიგში, დაინახონ პრობლემა, შემდეგ ჩამოაყალიბონ პატარა გეგმა, თუ რას გააკეთებენ.

გეგმის ჩამოყალიბების დროს ბავშვი იწყებს ფიქრს, რას როგორ გააკეთებს და მარტივ შეცდომებსაც აღარ უშვებს ხოლმე, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი.

როცა მეორეკლასელ ბავშვს ვეუბნები, რომ ერთ თაროზე დევს 4 წიგნი, მეორეზე კი 3-ით მეტი, რამდენი წიგნი დევს ორივე თაროზე? უმრავლესობა ამბობს, რომ შვიდი.

იმიტომ, რომ 3 და 4 დააკავშირეს ერთმანეთთან. ამ დროს ვუზუსტებ, აბა, კარგად დაფიქრდი, ბავშვი იწყებს დაგეგმვას, რომ ჯერ დაითვლის რამდენი წიგნი დევს პირველ თაროზე, შემდეგ მეორეზე და ასე შემდეგ. ანუ იწყებს აზროვნებას.

არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი აქებს იმ ბავშვს, ვინც წამოიძახებს ხოლმე პასუხს, რაც შეცდომაა, რადგან ფიქრის საშუალებას არ აძლევს სხვას და თვითონაც ჩქარობს. ამიტომ, გააზრება და გეგმის გაკეთება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასაც. ამ დროს შენ სხვასაც უსმენ, სხვის აზრსაც ითვალისწინებ და სხვისი, თუნდაც არასწორი ნათქვამი გეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წახვიდე.

როცა აღარ ხდება ფიქრზე და მსჯელობაზე მუშაობა, ეს არის პრობლემა. დაწყებით კლასებში ეს მიღწევადია, მაგრამ სამწუხაროდ, ზედა კლასებში გვიქმნის პრობლემას.

  • რაზეც ისაუბრეთ, ეს აჩვენებს, რომ მეთოდოლოგიაც შესაცვლელია?

მე, ძირითადად, კერძო სკოლებში მიწევს მუშაობა და ვერ გეტყვით რა ხდება საჯაროში, თუმცა ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს გვევალება ბავშვებს ვასწავლოთ აზროვნება და არა ვთქვათ, კონკრეტული ოპერაციების შესრულება ან მხოლოდ კონკრეტული ფორმულების დამახსოვრება.

ზედა კლასებში ხშირად მეუბნებიან მოსწავლეები, რომ ეს ფორმულა ხომ არაფერში დამჭირდება, რატომ გვასწავლით? რეალურად მართალაც ასეა, ერთი კონკრეტული ფორმულა არ დასჭირდებათ, მაგრამ მე ასე ვპასუხობ ხოლმე მათ, რომ ეს ფორმულები არის ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. მათთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ვეუბნები: მე გაძლევ ასაწყობად მაგიდას, მაგრამ ეს მაგიდა რომ ააწყო, შენ უნდა იცოდე ბრტყელტუჩას, ჩაქუჩის და სახრახნისის გამოყენება. მე გაძლევ სამივეს და შენ ამ ცოდნით უნდა გადაჭრა პრობლემა. პრობლემა კი არის მაგიდის აწყობა. ზუსტად იგივეა მათემატიკაშიც. ფორმულები, აქსიომები, თეორემები გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

  • ეროვნული გამოცდების ტესტებს თუ იცნობთ, რა ცოდნას მოიცავს ის და რატომ უჭირთ საკმაოდ დაბალი ბარიერის დაძლევა აბიტურიენტებს?

წელს გადავხედე ტესტებს, რადგან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. სადღაც მე-7 კლასის მასალიდან იწყება. ანუ არის დავალებები,  რომლებსაც მე-7, მე-8 კლასში სწავლობენ.

ეს არ არის მაღალი კლასების მასალა, რომ ვერ ჩააბარო. გამოდის, რომ ზუსტად ამ კლასებში ჰქონდათ მათ ჩავარდნა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი.

  • ამის სწავლა შეიძლება რეპეტიტორთან?

რა თქმა უნდა, ასეც ხდება. ერთი წელი საკმარისია, რომ მოემზადო და ბარიერი გადალახო, თუკი დაიწყებ მეშვიდე კლასის მასალიდან. ბუნებრივია, ყველაფერს ვერ მოასწრებ, მაგრამ ბარიერს გადალახავ, თუ კარგად მოემზადები.

  • ხშირად გვესმის სახელმძღვანელოების კრიტიკაც. როგორი ენითაა დაწერილი ახალი სახელმძღვანელოები, არის გასაგები ბავშვისთვის?

2011 წელს, როცა რუხაძის, ბექაურისა და ვეფხვაძის წიგნებმა მიიღეს გრიფირება, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს სახელმძღვანელო გადასაგდები იყო, მაგრამ ავტორებმაც იცოდნენ, რომ ბევრი რამ იყო დასახვეწი. რა თქმა უნდა, არის ისეთი ამოცანებიც, რაც ფეისბუქზე განხილვის საგანი ხდება, მართლა გაუგებარია ზოგიერთი, მაგრამ წიგნში, სადაც ათასზე მეტი ამოცანაა, 2-3 გაუგებარი რომ იყოს, პრობლემად არ მიმაჩნია.

თუ გვინდა, რომ წიგნი დაიხვეწოს და მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსწავლეზე, ავტორებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებთან იმუშაონ და მათგან გაიგონ რომელი საკითხია გაუგებარი.

  • როგორც ვიცით, სკოლების უმრავლესობა ონლაინსწავლებაზეა. მშობლების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ  მათემატიკის ან სხვა საგნების სწავლება პატარა ბავშვებს ონლაინში ძალიან გაუჭირდებათ. როგორია რეალობა?

პირველ-მეორე კლასებში მშობლებს ყველაზე ნაკლებად აქვთ სანერვიულო, რადგან ამ ეტაპზე მათემატიკის გარდა სხვა რამესაც სწავლობენ ბავშვები. ურთიერთობას, მოსმენას, ინსტრუქციის შესრულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომპიუტერი სკოლას ვერ შეცვლის, მაგრამ ამ საფეხურზე ბავშვები არ გადიან ისეთ მასალას, რომლის გამოტოვებაც მათ შემდგომში ხელს შეუშლის. ზედა კლასებში კი 1-2 დღის გამოტოვებაც ცუდად აისახება ხოლმე აკადემიურ მოსწრებაზე.

ონლაინსწავლების ნაკლია ის, რომ ვისაც სწავლა ნაკლებად აინტერესებდა კლასში, ასე თუ ისე ვახერხებდი, რომ დავალება მიმეცა, პროცესში ჩამერთო, ონლაინში ადვილად ახერხებენ გაძვრომას. ვისაც აინტერესებს, მათთვის პირიქითაცაა, მეკითხებიან, მიგზავნიან დავალებებს, გაკვეთილის შემდეგაც რჩებიან და კომუნიკაციისთვისაც მეტი დრო გვრჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: