მთავარი,სიახლეები

ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების რესტავრაცია სრულდება

02.10.2020 • 1890
ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების რესტავრაცია სრულდება

ბათუმში ყოფილ კათოლიკურ, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფრესკებისა და მოხატულობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია თითქმის დასრულებულია. სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც რესტავრატორმა ბექა კოპაძემ გვითხრა, პანდემიამ სამუშაოები სამი თვით შეაფერხა.

რესტავრატორის თქმით, ფრესკებისა და მოხატულობის რესტავრაცია-კონსერვაცია თითქმის დასრულებულია და ახლა კორექტირების პროცესი მიდის. სამუშაოები ამ კვირის ბოლოს დასრულდება და რესტავრატორთა ჯგუფი ბათუმს დატოვებს. მომავალი კვირიდან კი ხარაჩოების დაშლა დაიწყება.

„ფრესკები გამაგრებულია. ეს არ იყო აღდგენა კლასიკური გაგებით. ფრესკების დაზიანებული ნაწილი ხელახლა არ დაგვიხატავს. უბრალოდ გავამაგრეთ შემორჩენილი მხატვრობა და ვაჩერებთ დაზიანების პროცესს. ეს კონსერვაციაა.

ძალიან დაზიანებული იყო ფრესკები, წყლისგან  ჩამორეცხილია ნაწილი. რაღაც ადგილებში ფერიც აღარაა შერჩენილი. აიყარა ნალესობა. 80-იან წლებში გაკეთდა ბოლოს ამ ტაძრის რესტავრაცია, გამოჩნდა, რომ მანამდეც საკმაოდ იყო დაზიანებული. ფილმ „მონანიების“ კადრებშიც ჩანს რა მდგომარეობაშია ტაძარი. მხატვრობა 80-იან წლებშიც გაამაგრეს, მაგრამ მას მერე კიდევ ჩამოდიოდა წყალი სახურავიდან.

ბექა კოპაძე, რესტავრატორი.

ახლაც, სახურავის ძალიან დაზიანებული ნაწილებია მხოლოდ შეკეთებული, რაც დროებითია და საფუძვლიანადაა შესაკეთებელი. საერთოდ, უმჯობესი იყო ჯერ სახურავი შეკეთებულიყო საფუძვლიანად და მერე მომხდარიყო ფრესკების რესტავრირება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო მოგვარდეს სახურავის პრობლემა, რომ რესტავრირებულ ფრესკებს საფრთხე არ დაემუქროს“, – ამბობს რესტავრატორი.

ბექა კოპაძის თქმით, ეს ფრესკა იმდენად დაზიანებული იყო სახურავიდან ჩამონარეცხი წყლით, რომ დაიკარგა ფორმა და ფერი. ფრესკის აღდგენა ვერ მოხერხდა. მოხდა დარჩენილი ნაწილის დაფერვა და კონსერვაცია.

ბექა კოპაძემ გაგვიმარტა, რომ საკათედრო ტაძრის მოხატულობას აქ ორი ტიპის სამუშაოები ჩაუტარდა: ძველი ფრესკები დაკონსერვდა, სვეტების მოხატულობის ორნამენტები კი ,-  სპეციალისტის თქმით, 80-იანი წლებისაა – აღდგენილია თავდაპირველი ორნამენტების მსგავსად. ეს ორნამენტები, სადაც სრულად გადაცლილი იყო, აღადგინეს, ასლების მსგავსად.

სვეტების რესტავრირებული მოხატულობა ბათუმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. 

ვერ მოხერხდა ტაძრის დასავლეთ ფასადზე ფრესკების აღდგენა მძიმე დაზიანებების გამო და კედლები დაკონსერვდა ისე, რა მდგომარეობაშიც ახლაა. მოხატულობის ერთ-ერთი ფრაგმენტი სპეციალურადაა  დატოვებული საილუსტრაციოდ: ქვედა, მარჯვენა კუთხეში სულ პირვანდელი, ტაძრის აგებისდროინდელი მოხატულობის ფენაა, შემდეგ მოდის 80-იან წლებში რესტავრირებული შრე.

ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია.


ამავე თემაზე:

ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში – ფრესკების რესტავრაცია დაიწყო [ფოტო]

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: