მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან – შეთანხმება დღეს ფორმდება

30.09.2020 • 4245
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან – შეთანხმება დღეს ფორმდება

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, დღეს, 30 სექტემბერს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზმა და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.

ხოლო ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

„ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.

დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად,“ –  ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

საელჩოს ცნობით საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

„ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: