მთავარი,სიახლეები

როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში – მინისტრის მოადგილის კომენტარი

30.09.2020 • 1981
როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში – მინისტრის მოადგილის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დაწესებული ახალი შეზღუდვების მოხსნის თარიღი შესაძლოა ერთ კვირაში გადაიხედოს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

„ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურია ეს შედეგები. მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი გვაქვს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა უნდა წამოვიდეს ქვემოთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, შეინიშნება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები, „რადგან მატება არის ერთეული შემთხვევების და არა გეომეტრიული პროგრესიით, როგორც ინფექციას ჩვეულებრივ ახასიათებს,“ – განაცხადა გაბუნიამ.

აჭარაში დამატებითი შეზღუდვები 25 სექტემბრიდან ამოქმედდა. კერძოდ, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საღამოს ათი საათის შემდეგ აჭარაში არ მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: