ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

25.09.2020 • 2651
აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება.

საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც.

„ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორმა ემზარ აბულაძემ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევდათ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან საბაგირო ამუშავდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ 4 მგზავრი გადაჰყავდათ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: