მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი კოვიდითაა ინფიცირებული და ბინაზე მკურნალობს

25.09.2020 • 2462
ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი კოვიდითაა ინფიცირებული და ბინაზე მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ბინაზე მკურნალობს. განმეორებით PCR ტესტი სოლომონ ფუტკარაძეს დღეს, 25 სექტემბერს გაუკეთებია იმის გასარკვევად, გამოჯანმრთელდა უკვე თუ არა.

„მერვე დღეა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას… მე მომცეს დანიშნულება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარება არ დამჭირვებია. სიმპტომები არ მქონდა, მხოლოდ სისუსტეს ვგრძნობდი… ახლა კარგად ვარ, გამოჯანმრთელებულად ვითვლები და ტესტის პასუხს ველოდები,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ. მისივე თქმით, იგი სავარაუდოდ არა კლინიკაში, არამედ ახლობლისგან დაინფიცირდა, რომელიც სახლში ესტუმრა და მასაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოლომონ ფუტკარაძე სახლიდან მუშაობს და ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული საწოლფონდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კლინიკებში, ექიმების მეთვალყურეობის გარემოში, ის პაციენტები მკურნალობდნენ, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები აქვთ.

„ბინაზე მკურნალობის კუთხით უკვე აქტიურად ჩაერთო პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კარგად დალაგდა, მოსახლეობამაც გაიგო, რომ უსიმპტომო პაციენტებმა შესაძლოა ბინაზე იმკურნალონ,“ – დასძინა სოლომონ ფუტკარაძემ.

დღეს, 25 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 168 აჭარაში. ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარის რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: