განათლება,მთავარი,სიახლეები

რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება

23.09.2020 • 6885
რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება

ონლაინ გარედაკვირვებაზე მასწავლებელთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. რა მოეთხოვება ონლაინ გარედაკვირვების დროს მასწავლებელს და აისახება თუ არა მასწავლებლის შეფასებაში ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული ხარვეზები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა უკვე შექმნილია. როდის შეეძლებათ პედაგოგებს გარედაკვირვების გავლა?

ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკის შექმნა გამოწვია იმან, რომ სკოლების ნაწილი გადასულია დისტანციურ ან ჰიბრიდულ სწავლებაზე. წლის მანძილზეც მოსალოდნელია ეპიდსიტუაციასთან შესაბამისობაში სკოლების გარკვეული დროით დახურვა.

ამიტომ, ჩვენც ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ შეგვექმნა ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკა. აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა, რადგან ზოგადი განათლების კანონში ონლაინგაკვეთილები აღიარებული არ იყო. შესაბამისად, ეს დაკვირვება რომც ჩაგვეტარებინა, არ იქნებოდა გამყარებული კანონით.

ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკა აგვისტოში შეიქმნა და 12 სკოლაში, ყველა საფეხურზე გავატარეთ პილოტირება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ონლანგაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის სოფლის, ქალაქის, არაქართულენოვანი სკოლის დაკვირვების, იქედან მიღებული უკუკავშირების  გათვალისწინებით შედგენილი რუბრიკა. ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს ერთ კვირაში შეეძლებათ.

  • ონლაინ გარედაკვირვებაზე ხელახლა უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებლები, თუ მარტში ვინც დარეგისტრირდა, ავტომატურად  ჩაერთვება?  

რეგისტრაცია გამოცხადდება და მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ხელმეორედ. ონლაინ გარედაკვირვებაც მოიცავს 5 გაკვეთილს, შესაბამისად, მასწავლებლები დარეგისტრირდებიან 5 გაკვეთილზე და თუ როგორი იქნება სწავლების ფორმატი, ონლან თუ რეალურ საკლასო სივრცეში, ამის მიხედვით დავაკვირდებით.

სტრესულ პირობებში არ ჩავაგდებთ მასწავლებელს და თუ ვთქვათ, სწავლა პირისპირ მიმდინარეობდა, მაგრამ წინა დღით ჩაიკეტება სკოლა, მეორე დღეს არ მოუწევს მასწავლებელს ფორმატის გადაწყობა. ჩვენი მიზანი არ არის მასწავლებლის გამოჭერა, ჩვენი მიზანია ვნახოთ მისი რეალური გაკვეთილი.

  • იმისთვის, რომ ონლაინ გარედაკვირვება ჩაატაროს, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერი, უწყვეტი ინტერნეტი, შექმნილი უნდა ჰქონდეს კლასი „ზუმში“ ან „თიმსში“ და ა.შ. თუ გაქვთ ინფორმაცია, გარედაკვირვების მსურველი პედაგოგებიდან რამდენს აქვს ტექნიკური უზრუნველყოფა?

ჯერ რეგისტრაცია არ გამოგვიცხადებია და ამიტომ არ ვიცით, რამდენი პედაგოგია ამისთვის მზად. კლასის შექმნაში პედაგოგს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ეხმარება. ვფიქრობთ, მასწავლებლები ვალდებული არიან ეს ფორმატიც ისწავლონ, რადგან შექმნილია უამრავი რესურსი, გზამკვლევები, ვებინარებს ატარებს ჩვენი ცენტრი, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინსწავლებაში ეფექტურები იყვნენ. ასევე, არის ვიდეოგაიდები და მასწავლებლებს მთელი ზაფხული ჰქონდათ იმისთვის, რა არ გამოსდიოდათ კარგად და რაში სჭირდებოდათ დახმარება. შეეძლოთ ამ გაიდებით ემეცადინათ.

  • როგორც ვიცი, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა აგვისტოში შეიქმნა, ეს გაიდები მანამდე იყო ხელმისაწვდომი?

გაიდები EMIC-ის გვერდზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია პედაგოგებისთვის.

  • თუ განსხვავდება ონლაინ გარედაკვირვების მოთხოვნები საკლასო ოთახში ჩატარებული გარედაკვირვებისგან?

მაგალითად, გარემოზე როდესაც ვლაპარაკობთ, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე, რეალური სივრცისთვის და ონლაინსივრცისთვის  განსხვავებული კრიტერიუმები წერია. ვირტუალურ გარემოში მეტი აქცენტი კეთდება კიბერბულინგზე,  პერსონალური მონაცემების დაცვაზე, იმაზე, რომ მასწავლებელმა ან მოსწავლემ არ გამოსდოს ვიდეო, ვთქვათ, ნებართვის გარეშე, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ონლაინეთიკაზე, წიგნიერებაზე დ ასე შემდეგ.

  • ზოგიერთი მასწავლებელი წერდა სოციალურ ქსელებში, რომ რადგან ყველა ბავშვი ვერ შემოდის ონლაინში, შესაძლოა გაკვეთილი ვერ გამოვიდეს ისეთი, როგორც ჩაიფიქრა. ასეთი ნიუანსები თუ იქნება გათვალისწინებული შეფასებისას?

ვისაც ჩაუტარებია ონლაინფორმატში ლექცია თუ გაკვეთილი, ყველამ იცის, რომ ყოველთვის საკუთარ უნარებსა და კომპეტენციებზე არ ხარ დამოკიდებული და შესაძლოა ტექნიკურმა საშუალებებმა შეგიშალოს ხელი. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ეს დეტალები. თუკი გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლე ვერ შეძლებს ჩართვას, ან დროებით გამოაგდებს მასწავლებელს, ან დროებით გააგდებს მოსწავლეს ინტერნეტი, ამ შემთხვევაში ცხადია, მასწავლებელს ქულა არ დააკლდება.

აქ საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს და როგორ იქცევა ამ დროს მასწავლებელი. რას აკეთებს მოსწავლე, როცა ის უკან შემობრუნდება, ეუბნება თუ არა პედაგოგი რა ნახოს, სად, დაუბრუნდება თუ არა იმ ინფორმაციას, რაზეც საუბრობდა მოსწავლის გავარდნამდე, როგორ იქცევიან ამ დროს მოსწავლეები, გარბიან, გამორთავენ კომპიუტერს  და აღარ ელოდებიან პედაგოგს, თუ ელოდებიან, როდის დაბრუნდება მასწავლებელი.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თუ, ვთქვათ, ინტერნეტმა რაღაც ხარვეზი შექმნა გაკვეთილზე, ამის გამო ჩვენ არ შევაფასოთ მასწავლებელი. შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ფლობს ტექნიკას და როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში.

პედაგოგებს ამისთვის ჰქონდათ სამთვიანი შუალედი, რომ ეფიქრათ რა ხარვეზები ჰქონდათ ამ მიმართულებით და ეზრუნათ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

ამისთვის ბევრი რესურსი შეიქმნა, ძალიან ბევრი დაიწერა, გამოქვეყნდა, დაიდო ვებგვერდებზე  და ეს მათ დაეხმარებოდა უკეთესად მომზადებაში.

  • დაახლოებით რამდენი ბავშვი უნდა ესწრებოდეს ონლან გარედაკვირვებას, რომ გაკვეთილი შეფასდეს. თუ, ვთქვათ, 2-3 ბავშვი ესწრება გაკვეთილს, ეს აისახება შეფასებაზე?

ასეთი დეტალები გაწერილი არ არის გაიდში, არც ადრე ყოფილა. გააჩნია სეზონს, მდგომარეობას, კლასის ზომა ყოველთვის განაპირობებს მასწავლებლის მიერ შერჩეულ სტრატეგიას. რამდენად ადეკვატურად არჩევს მასწავლებელი და რამდენად ეფექტურ სტრატეგიას არჩევს, სწორედ მის ხელოვნებაზეა დამოკიდებული.  თუ კლასში, ვთქვათ, 30 მოსწავლეა, მაგრამ სულ რამდენიმე შემოდის ონლაინ, ეს ეჭვს იწვევს, რატომ არ შემოდის მეტი? სადაც 30-ბავშვიანი კლასებია, იქ ინტერნეტის პრობლემა, წესით, არ არის ხოლმე. ინტერნეტის პრობლემა სადაც არის, ძირითადად მოშორებული, მთიანი სოფლებია და  ამდენი ბავშვი ვერანაირად ვერ იქნება კლასში. ასეთ სკოლებში ისედაც პირისპირ მიმდინარეობს სწავლა.

  • ფაქტობრივად სექტემბერი გავიდა. საკმაოდ მცირე დრო რჩება წლის ბოლომდე. ხომ არ შეიქმნება კიდევ რაიმე პრობლემა?

ამ სემესტრში ყველას გავატარებთ გარედაკვირვებას და სემესტრის ბოლოს, თუკი წარმატებით გაივლიან, შეიცვლიან სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ვისაც გავატარებთ გარედაკვირევებას, მათ ოქტომბერშივე გაეზრდებათ ანაზღაურება. არა,  ყველა ერთდროულად, თანაბრად, სემესტრის ბოლოს შეიცვლის სტატუსს. ეს პროცესი არანაირად აღარ გადაიდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: