ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

07.10.2020 • 2382
რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან?

რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. მთავრობამ კი ჩვენი წერილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს განსახილველად 28 სექტემბერს გადაუგზავნა.

გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა, აჭარის მთავრობისგან პასუხგაუცემელი დარჩა სხვა შეკითხვებიც:

1-ლი სექტემბრიდან დღემდე რამდენი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა აჭარაში?

რამდენი კოვიდპაციენტი გადაიყვანეს აჭარიდან [საქართველოს სხვა რეგიონებში, ან წავიდა საზღვარგარეთ]?

რამდენი ადამიანი ატარებს ტესტირებას აჭარაში [ყველა მედიცინის მუშაკია თუ არა – ექიმი, ექთანი]?

ამ შეკითხვების პასუხად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან დღეს, 7 ოქტომბერს, მოგვწერეს, რომ „აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“.

წერილს ხელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აწერს.

სტატისტიკური ინფორმაცია, რაც სამინისტროდან მოგვაწოდეს, მუდმივად იცვლება.  აჭარაში, 1-ლი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში კორონავირუსი 5 262 პირს დაუდასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 2 501 პაციენტი, ხოლო სულ, პანდემიის დაწყებიდან აჭარაში გარდაიცვალა 30 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურად გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით დააჯამა.

1-ლი სექტემბრიდან 6 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში:

  • კორონავირუსი დაუდასტურდა სულ  5 003 პირს
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 2 221
  • გარდაიცვალა – 25
  • კოვიდკლინიკებში მკურნალობდა – 475 [6 ოქტომბერს]
  • კოვიდსასტუმროში მოთავსებული იყო – 936
  • ბინაზე მკურნალობდა – 1 255
  • სხვაობა – 91

ვინაიდან ოფიციალურად არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი პაციენტი გაიყვანეს აჭარის გარეთ სამკურნალოდ, ამ 91 კოვიდინფიცირებულის საკითხი 6 ოქტომბრისთვის ღიად რჩება – ისინი აჭარაში, სტატისტიკურად, არც კლინიკაში იყვნენ, არც სასტუმროში და არც ბინაზე.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, რეგიონის კოვიდკლინიკებში სულ 578 საწოლია.

სამინისტრომ დღეს, 7 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის კოვიდკლინიკებში არის 472 პაციენტი და 53 თავისუფალი ადგილი. თუ პაციენტების რაოდენობა სწორია, თავისუფალი ადგილების რაოდენობაა არასწორი [ამ ციფრების შედარებით კოვიდკლინიკებში 106 თავისუფალი ადგილი უნდა იყოს].

სამინისტროს წერილის მიხედვით კოვიდკლინიკებია:

  • შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – 175 საწოლით
  • შპს „მედალფა“ – 63 საწოლით
  • შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლი“ – 30 საწოლით
  • შპს „BROTHERS“-ი – 100 საწოლით
  • შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – 50 საწოლით
  • სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ – 60 საწოლით
  • შპს „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ – 30 საწოლით
  • სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის ჰოსპიტალი – 70 საწოლით

კოვიდ საკარანტინე სივრცეებად კი, სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაზღვრულია 7 სასტუმრო: „ბიზნესლეჯენდი“, „კოლიზეუმი“, „სქაი თაუერი“, „სითი ჰოტელი“, „ეიფორია“, „ლეგენდა“ და სასტუმრო „გლორია“.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსს ბინაზე „1000-ზე მეტი პირი“ მკურნალობს ექიმების დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ; კოვიდსასტუმროებში კი – 886 პირია მოთავსებული [სამინისტროს წერილის მიხედვით, გუშინ, 6 ოქტომბერს, აჭარაში 1 255 პაციენტი იყო ბინაზე].

[red_box]კოვიდის დადასტურების ახალი შემთხვევების სტატისტიკა აჭარაში [1 სექტემბერი – 7 ოქტომბერი]:[/red_box]

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 
  • 9 სექტემბერი – 25 ახალი შემთხვევა 
  • 10 სექტემბერი – 27 ახალი შემთხვევა 
  • 11 სექტემბერი – 39 ახალი შემთხვევა 
  • 12 სექტემბერი – 80 ახალი შემთხვევა 
  • 13 სექტემბერი – 88 ახალი შემთხვევა 
  • 14 სექტემბერი – 108 ახალი შემთხვევა 
  • 15 სექტემბერი – 124 ახალი შემთხვევა 
  • 16 სექტემბერი – 144 ახალი შემთხვევა 
  • 17 სექტემბერი – 126 ახალი შემთხვევა 
  • 18 სექტემბერი – 129 ახალი შემთხვევა 
  • 19 სექტემბერი – 116 ახალი შემთხვევა 
  • 20 სექტემბერი – 128 ახალი შემთხვევა 
  • 21 სექტემბერი – 92 ახალი შემთხვევა
  • 22 სექტემბერი – 137 ახალი შემთხვევა
  • 23 სექტემბერი – 165 ახალი შემთხვევა 
  • 24 სექტემბერი – 164 ახალი შემთხვევა
  • 25 სექტემბერი – 168 ახალი შემთხვევა
  • 26 სექტემბერი – 166 ახალი შემთხვევა
  • 27 სექტემბერი – 193 ახალი შემთხვევა
  • 28 სექტემბერი – 175  ახალი შემთხვევა
  • 29 სექტემბერი – 225  ახალი შემთხვევა
  • 30 სექტემბერი – 235  ახალი შემთხვევა
  • 1 ოქტომბერი – 241  ახალი შემთხვევა
  • 2 ოქტომბერი – 297  ახალი შემთხვევა
  • 3 ოქტომბერი – 360 ახალი შემთხვევა
  • 4 ოქტომბერი – 370 ახალი შემთხვევა
  • 5 ოქტომბერი – 416 ახალი შემთხვევა
  • 6 ოქტომბერი – 348 ახალი შემთხვევა
  • 7 ოქტომბერი – 259  ახალი შემთხვევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: