განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

15.09.2020 • 1879
როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა დაეზარა, თუმცა პირველი გაკვეთილის ინტერესის გამო მაინც ადრე ადგა.

ტანზე ახალი ვარდისფერი პერანგი ჩაიცვა, ახალი ჯინსის შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი მოირგო. მაგიდაზე ახალი წიგნებიც დაალაგა. სანამ პირველი ონლაინგაკვეთილი დაიწყებოდა, მანამდე თითქმის ყველა წიგნი გადაათვალიერა. თითქმის ყველა მოეწონა, განსაკუთრებით კი „ქართული ენა“.

ონლაინჩართვის დროს ანდრია მხოლოდ მასწავლებელს ხედავდა ეკრანზე, თანაკლასელებს – ვერა. მიმოწერაში ვხედავდით, რომ ყველა ბავშვს წვდომა არ ჰქონდა კადრთან და მასწავლებლის მხოლოდ ხმა ესმოდა. გაცნობისა და მოკლე მიმოხილვის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვებს მულტფილმი ჩაურთო. შემდეგ, მცირე ხნით, ანდრიასთან ინტერნეტი გაიჭედა. სანამ დედა ტექნიკურ ხარვეზს ასწორებდა, ანდრიამ თამაშისთვის დრო იხელთა და ლახტით ხტუნაობა დაიწყო.

ანდრია მანველიძე წელს პირველად უნდა წასულიყო სკოლაში, თუმცა პირველი გაკვეთილი ონლაინში ჩაუტარდა.

კავშირის აღდგენა იმ დროისთვის მოხერხდა, როცა მასწავლებელი უკვე ემშვიდობებოდა ბავშვებს. „ამ დისტანციური სწავლის დროს ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ“, – ასე დაემშვიდობა მასწავლებელი ანდრიას ონლაინში. თუმცა დედა შიშობს, რომ თუ გაკვეთილები ონლაინ დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა ანბანის შესწავლა ანდრიას გაუჭირდეს.

„ანბანი წინასწარ არ ვასწავლე, ასე გვეუბნებოდნენ, სკოლაში აღარ ისწავლის და ყურადღება გაეფანტებაო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ალბათ ისევ მე მომიწევს ანბანი ვასწავლო“, – გვითხრა თეონამ.

თეონა და მისი მეუღლე ყოველდღიურად და სრული დატვირთვით მუშაობენ, ამიტომ ანდრიას გაკვეთილების მომზადება ცხრა საათის შემდეგ მოუწევს. „მეფიქრება, რომ ბავშვი არ გადაიღალოს“, – ამბობს თეონა.

მისი თქმით, ონლაინსწავლების გამო ნერვიულობენ მასწავლებლებიც, რადგან ამ ფორმატით ბავშვებთან ურთიერთობა მათთვისაც გამოწვევაა.

ანდრია მანველიძე წელს პირველად წავიდა სკოლაში, თუმცა პირველი გაკვეთილი ონლაინში ჩაუტარდა.

„გასულ წელს შედარებით ადვილი იყო, რადგან პირველ სემესტრში მაინც ისწავლეს მეტ-ნაკლებად ბავშვებმა, ახლა კი თავიდანვე ონლაინში უწევთ ურთიერთობა მასწავლებელთან და ეს გაართულებს სწავლებას“, – ფიქრობს თეონა.

ის ახლა იმაზეც ფიქრობს, როგორ დაესწრება მისი შვილი ონლაინგაკვეთილებს სხვა დღეებში, რადგან დედა და მამა  დილით გადიან სამუშაოდ, სახლში კი მხოლოდ ბებია-ბაბუა და ანდრია რჩებიან.

„კომპიუტერის ჩართვა შეიძლება ვასწავლო და დაეხმარებიან ანდრიას, მაგრამ მეცადინეობაში ვერა. ამიტომ არ ვიცი, რა იქნება, დაესწრება ონლაინგაკვეთილებს ანდრია ყოველთვის, თუ ვერა“.

სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ანდრია მშობლებმა კერძო სკოლაში შეიყვანეს, რადგან იქ ბავშვი დღის მეორე ნახევრამდე რჩება და მეცადინეობასაც ახერხებს. „თუ სწავლა დისტანციურად დიდხანს გაგრძელდება, ალბათ საჯაროში გადაყვანა და რეპეტიტორის დაქირავება მომიწევს“, – გვეუბნება თეონა.

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ახალი სასწავლო წელი დღეს, 15 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 1 577 სკოლის შენობაში განახლდა, 730-მდე სკოლამ კი დისტანციურად დაიწყო სწავლა, მათ შორის, აჭარაში.

ანდრიამ უკვე იცის, რომ ქვეყანაში კორონავურისის პანდემიაა და რომ კორონასგან თავის დასაცავად ხელები ხშირად და კარგად უნდა დაიბანო. „პირბადე კი იმიტომ უნდა გაიკეთო, რომ კორონავირუსი არ შეგეყაროს“.

ონლაინგაკვეთილის შემდეგ ანდრია ისევ თავის ფერად სათამაშოებს დაუბრუნდა. ამბობს, რომ ონლაინგაკვეთილმა დაღალა. ბიჭს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავის ნამდვილ სკოლაში წავა, რომელიც, მისი აზრით, წითელია ან ყვითელი.

ანდრიას პირველი გაკვეთილი ონლაინში იხილეთ ვიდეოში:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/1637541379746618/UzpfSTEwMDAwMTA0MDI4NTQwMDozNjA4NDU0MjMyNTMyNTUx/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: