მთავარი,სიახლეები

„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა

10.09.2020 • 2617
„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა

აჭარის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის იურისტი, ილონა დიასამიძე აცხადებს, რომ უცნობი პირი მისი ფეისბუქის გატეხვას ცდილობდა. ილონას თქმით, უცნობი პირი მას ფეისბუკმეგობრის ანგარიშიდან დაუკავშირდა და აცნობა, რომ ერთ-ერთ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ის ილონას ამ გვერდზე გადასვლას სთხოვდა.

„ბათუმელები“ ილონა დიასამიძეს ესაუბრა და გაარკვია, თუ რა ინფორმაცია მიიღო მან ფეისბუქმეგობრისგან და რა სახის დანაშაულია ეს.

„დილით დამხვდა შეტყობინება ჩემი ფეისბუქმეგობრისგან, რომ თითქოს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო გავრცელებული სადღაც და მწერდა, რომ გამომიგზავნიდა ლინკს, სადაც უნდა გადავსულიყავი და მენახა ეს ინფორმაცია.

მივხვდი, რომ ეს შეტყობინება რეალური არ იყო. მას მივწერე, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია-მეთქი. ამის შემდეგ მას აღარ გადმოუგზავნია ბმული, სადაც მთავაზობდა გადასვლას და ფოტოების ნახვას“, – ამბობს ილონა დიასამიძე.

ილონა ამბობს, რომ თავის ფეისბუქმეგობარს, ვისი სახელითაც მას სწერდნენ, ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ მისი ანგარიში გატეხეს.

„მითხრა, რომ მასაც სწორედ ასე მიწერეს ერთ-ერთი მეგობრის სახელით და გაუგზავნეს ლინკი. როცა გადავიდა ამ ლინკზე, მაშინვე ფეისბუქი გაუუქმდა და ვიღაც სხვა პირმა შემოაღწია, რომელიც მისი სახელით აგზავნიდა მსგავს შეტყობინებებს სხვებთან… მე მაშინვე დავბლოკე ის პირი და  შევუზღუდე ჩემს პირად ინფორმაციაზე უცხო პირების წვდომა“, – ამბობს ილონა.

იურისტის თქმით, ეს არის კიბერდანაშაული, უკანონო შეღწევა სხვის პირად ანგარიშში და ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს, კიბერდანაშაულის მსხვერპლი რომ არ გახდეს.

ილონა დიასამიძის თქმით, კიბერდანაშაულის აღნიშნული სქემა ასეთია:

  • რომელიმე მეგობარი (რომელსაც გაუტეხეს ფეისბუქი) გატყობინებთ, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელებულია ერთ-ერთ გვერდზე;
  • თქვენ დიდი ალბათობით არ იჯერებთ ამ ამბავს და ჩაეკითხებით, თუ სად არის გავრცელებული ეს კადრები;
  • ის გიგზავნით ლინკს და თუ ამ ლინკზე გადახვალთ, ავტომატურად აძლევთ ჰაკერს თქვენი გვერდის მონაცემებს.

გვერდის გატეხვის შემდეგ უკვე თქვენს მეგობრებასაც იმავე შინაარსის შეტყობინებებს გაუგზავნიან… და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.

  • არ უპასუხოთ მსგავსი სახის შეტყობინებას
  • მეგობარი მაშინვე წაშალეთ ფეისბუქიდან
  • არ გადახვიდეთ გამოგზავნილ ლინკზე
  • თუ მაინც მოახერხეს და თქვენს გვერდზე უკანონოდ შემოაღწიეს, მიმართეთ სამართალდამცველებს

კიბერდანაშაულის შესახებ ილონა დიასამიძემ შეტყობინება დღეს, რამდენიმე საათის წინ მიიღო.

___

მთავარი ფოტო: ილონა დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: