ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

08.09.2020 • 2751
აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

ეზუგბაიას თქმით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, აჭარაში საჭირო იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარება:

„ეს არის რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება. საჭირო იქნება ასევე ტესტირების გაფართოება“, – განაცხადა მან.

____

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი.

გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზრობაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.

„ხოფის ბაზრობაზე“  4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს უკვე 110 ადამიანია მოთავსებული. ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლია.

მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1321 გახდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: