სიახლეები,ჯანმრთელობა

როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

09.09.2020 • 12960
როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის კონსულტანტი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს უკვე აღენიშნება დამახასიათებელი სიმპტომები, საქმე გვაქვს აივის უკვე შორსწასულ  ფორმასთან, ანუ შიდსის სტადიასთან. სწორედ ამიტომ ადამიანმა ტესტირება აივზე უნდა ჩაიტაროს მაშინვე, როცა კი სარისკო ქცევას აქვს ადგილი.

სარისკო ქცევებია:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით

ასევე, აივი შესაძლოა გადავიდეს ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ-ი) იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს იმუნურ (დამცველ) სისტემას, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება. აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით – შიდსი, აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც პაციენტს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

საქართველოში 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8474 შემთხვევა, აქედან 6326 კაცია, ხოლო 2148 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4340 პაციენტს, 1734 პაციენტი გარდაიცვალა.

2020 წელს გამოვლინდა ინფიცირების  372 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 5220 (მათ შორის აფხაზეთში – 590) პაციენტი.

[red_box]სიმპტომები[/red_box]

წყარო: webmd.com

ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ აივ ინფექციის დამახასიათებელია სიმპტომები, რომლებიც სხვა ინფექციური დაავადებების დროსაც ვლინდება. მათგან ყველაზე ხშირია:

  • ტემპერატურის მატება
  • ფაღარათი
  • გამონაყარი (სხვადასხვა ადგილებში)
  • გადიდებული ლიმფური კვანძები (ხშირად მტკივნეული).

[red_box]დაავადების მართვა[/red_box]

საქართველოში აივინფიცირებული პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან უფასო, რვ (ანტირეტროვირუსული) მკურნალობით. მათ ენიშნებათ ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე მედიკამენტი, რომელთა ზემოქმედებითაც სისხლში მცირდება ვირუსი და მყარდება იმუნიტეტი.

როგორც წესი, მკურნალობის შედეგად, რამდენიმე თვეში ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. მკურნალობის მიზანია ვირუსის რაოდენობის იმდენად შემცირება სისხლში, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს PCR ტესტის მეშვეობით, ანუ გახდეს არაგანსაზღვრადი. მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია.

„დღესდღეისობით აივ ინფექციის მკურნალობის შედეგად სრულებით განკურნება არ ხდება. დაავადება გადადის ქრონიკულში, მაგრამ ვირუსი უკვე აღარ არის ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში”, – ამბობს ზაზა ბაბუნაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა თითქოს აივ ინფექცია შიდსი ძირითადად ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით გადადის, საქართველოში აივის გადაცემის გზა ძირითადად ჰეტეროსექსუალური (კაცისა და ქალის) კონტაქტია.

წყარო: შიდსის ცენტრი

ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს ქალის სქესობრივი გზით ინფიცირების საფრთხე გაცილებით აღემატება მამაკაცის ინფიცირების საფრთხეს, რადგან სპერმა აივ-ს გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე საშოსა და საშვილოსნოს სეკრეტი, ამასთან, მეტია საშოსა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედაპირის ფართობიც.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს. მას შემდეგ აივით ინფიცირების ახალი შემთხვევების დინამიკა ასე გამოიყურება:

 

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

წყარო: შიდსის ცენტრი

აივ ინფექციაზე ტესტირება კონფიდენციალურია. პასუხი ცნობილი ხდება 15 წუთში. ტესტირებისთვის ბათუმში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „იდენტობისა“ და „თანადგომის“ ოფისებს.

_______________

ამავე თემაზე:

 

https://netgazeti.ge/news/352700/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: