განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

28.08.2020 • 2627
რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან.

ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 პირველკლასელი მიიღო სკოლამ, რაც ცოტათი ნაკლებია იმაზე, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, დირექტორის თქმით, მოსწავლეთა შემცირების და ხარჯების გაზრდის მიუხედავად, ისინი ინტენსიურად  ემზადებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის.

„მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება, ხარჯები გაიზარდა საგრძნობლად, მაგრამ სწავლის გადასახადი არ გაგვიზრდია. შეგვიმცირდა მოსწავლეთა რაოდენობაც, თუმცა შემუშავებული გვაქვს გეგმა და გათვლილი გვაქვს ბიუჯეტი“, – ამბობს დირექტორი.

მცირეკონტინგენტიანია ფრანგული სკოლაც, სკოლის დირექტორი ლუიზა თუთარაშვილი ამბობს, რომ „სიტუაცია სკოლაში ძველებურადაა“, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის იგივე, რაც გასულ წელს იყო.

„წელს ძალიან ცოტა – სულ 7 პირველკლასელი მივიღეთ, შარშან 12 გვყავდა. არ ვართ დიდი სკოლა, კლასში 10 მოსწავლე გვყავდა ყოველთვის და ახლაც შევძლებთ დისტანციის დაცვას“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია მშობლების ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახა, რადგან ბევრმა მშობელმა დაკარგა შემოსავალი. „ამან განაპირობა ბავშვების ნაკლებობაც, თუმცა საშემოსავლოს არ გვახდევინებს სახელმწიფო, მეიჯარემაც შეღავათი გაგვიწია – არ გაგვიზარდა ხარჯი, ამიტომ ამ კრიზისს, ვფიქრობთ, გადავლახავთ“, – ამბობს დირექტორი.

სკოლა „ნიკეში“ 42 პირველკლასელი დარეგისტრირდა წელს. დირექტორი იზო ტაკიძე ამბობს, რომ მშობლები გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას გადასახადებთან დაკავშირებით, „თუმცა სკოლაც გარკვეულ დათმობებზე წავიდა“.

ეს დათმობები იმაში მდგომარეობს, რომ თუკი სკოლას მოუწევს ონლაინსწავლებაზე გადასვლა, მაშინ მშობელს სკოლა 30-პროცენტიან ფასდაკლებას გაუკეთებს სწავლის გადასახადზე. სხვა შემთხვევაში  მშობლები სწავლის საფასურს მთლიანად გადაიხდიან.

„რაც შეეხება მოსწავლეების გასვლას, საგანგაშო რაოდენობა არ არის, დაახლოებით 45-46 მოსწავლე გავიდა სკოლიდან. მსგავსი გადინება წინა წლებშიც გვქონდა“.

დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლას ფართობის პრობლემა არ აქვს და პანდემიისგან გამომდინარე დაწესებულ ახალ სტანდარტებს თავს გაართმევენ.

„კლასში ზის 12 ან 15 მოსწავლე. შესაბამისად, დისტანციის დაცვა ამჯერადაც მოხერხდება, დავამატეთ კეთილმოწყობილი სკვერიც, სადაც მზიან დღეებში შესაძლებელია გაკვეთილის ჩატარება. სპორტული დარბაზი გვაქვს, რომელსაც ცალკე აქვს სველი წერტილი, ასევე გამოიცვალა ყველა სანიტარული კვანძი“, – ამბობს იზო ტაკიძე.

მისი თქმით, შეკვეთილი აქვთ დეზობარიერებიც. „უსაშველო თანხა არ გამოგვდის, თუმცა ხარჯები მაინც გაზრდილია, რადგან წელს დავამატეთ ექთნის შტატიც სკოლაში, რომელიც გააკეთებს თერმოსკრინინგს, კლასებში ჩამოვლას და თუკი რაიმე ნიშანი იქნება ბავშვის უხასიათოდ ყოფნის, გამოყოფს და ცალკე განათავსებს ბავშვს. შემდეგ კი დავუკავშირდებით მშობელსაც“.

დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ „შესვენებისას დერეფანი არ გადაიტვირთოს, პირველკლასელები მაშინ გამოვლენ დასასვენებლად, როცა უფროსკლასელები გაკვეთილებზე იქნებიან, რაც არ შექმნის ბუფეტის და სანიტარული კვანძებით სარგებლობის პრობლემას“.

იზო ტაკიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს განათლების სამინისტროს მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ სამინისტრო გულგრილად ეკიდება კერძო სკოლების სათანადოდ ინფორმირებას. „გარდა იმისა, რომ კერძო სკოლის დირექტორები და პედაგოგები არ არიან არანაირ ტრენინგებში ჩართული, იმაზეც კი არ მოუწოდებია ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექცია შეგვამოწმებდა“, – ამბობს ტაკიძე.

15 პირველკლასელი მიიღო წელს სკოლა „მონპარნასმა“. სკოლის წარმომადგენლის, თამილა თალაკვაძის თქმით, არის სკოლიდან გასვლის შემთხვევებიც – „ვინც წავიდა, ყველა ბავშვის მშობელი ფინანსურ კრიზისს ასახელებს“.

თალაკვაძის თქმით, სკოლა მზადაა ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც ახალი სტანდარტით წესდება.

პირველკლასელთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 92 მოსწავლე მიიღო წელს სკოლა „ევრო 2000“-მა. სკოლის ერთ-ერთი დირექტორი, ანზორ აბუსელიძე ამბობს, რომ 200-მდე განაცხადი იყო შესული, თუმცა ავტორიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, მათ მეტის მიღება ვერ შეძლებს.  „ფაქტობრივად, ჩვენ თავისუფალი ადგილები არ გვაქვს სკოლაში. დისტანცია დაცული იქნება, დეზობარიერი იმაზე მეტი შევიძინეთ, ვიდრე საჭირო იყო,  შეძენილი გვაქვს სენსორული დეზინფექტორებიც, სველი წერტილი ყველა სართულზეა განთავსებული და ვფიქრობ ნორმების დაცვას შევძლებთ“, – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, ჰიგიენას და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სკოლის ექიმი, მანდატურები და დამლაგებლები გააკონტროლებენ.

ანზორ აბუსელიძის თქმით, სწავლის საფასური მხოლოდ იმ მოსწავლეებს გაეზარდათ, ვინც წინა წლებში 1500 ლარს იხდიდა წელიწადში. „ამ თანხად სწავლის გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ისინიც გადაიხდიან 3 ათას ლარს წელიწადში, როგორც სხვები“, – ამბობს დირექტორი.

რაც შეეხება სკოლიდან მოსწავლეების გადინებას, ანზორ აბუსელიძე ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არც წელს აქვთ. „მოძრაობა სკოლაში ყოველ წელსაა, რამდენიც წავიდა, იმაზე მეტი შემოვიდა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სკოლას – „თაობა 21“-ის დირექტორს ესაუბრა. დირექტორი ომარ მიქელაძე ამბობს, რომ წელს ძალიან ცოტა – სულ 8 პირველკლასელი მიიღეს, მაშინ, როცა წინა წლებში მინიმუმ 20-30 პირველკლასელი ჰყავდათ.

დირექტორის თქმით, სკოლიდან გავიდა 18-მდე მოსწავლეც, რაც აისახება ვაუჩერულ დაფინანსებაზე.

„მე ის მაინტერესებს, საჯარო სკოლები როგორ აპირებენ დისტანციის დაცვას. როცა სწავლა დაიწყება მივალ და ვნახავ. სახელმწიფო კერძო სკოლებისგან ითხოვს ყველაფერს, საჯაროს ამდენ სტანდარტს არ უწესებს. გვთხოვენ, რომ ბუფეტში წყლის ონკანი გავაკეთოთ, სველ წერტილებში ხომ არის ონკანი? მოვლენ შემოწმებაზე და არ ვიცით, ვინ რას დაწერს. შესაძლოა არ მოგვცენ მუშაობის გაგრძელების უფლება, მაშინ, როცა საჯარო სკოლები ავტორიზაციასაც კი არ გადიან“, – ამბობს ომარ მიქელაძე.

დირექტორის თქმით, სკოლას სწავლის საფასური არ გაუზრდია.

სასწავლო პროცესი კერძო და საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს უნდა განახლდეს, მანამდე კი განათლების სამინისტრო სკოლებში არსებულ მდგომარეობას შეამოწმებს.

___________________________

მთავარი ფოტო: სკოლა „ნიკეს“ ფეისბუკის გვერდიდან.

ამავე თემაზე:

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: