მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

24.08.2020 • 1931
სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება.

„სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახის ცალმხრივი ცვლილება განხორციელდა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამავდროულად, თეონა თურმანიძის მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო. ასევე, თეონა ხარაბაძის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რომელიც ნინო ლომჯარიამ დღეს, 24 აგვისტოს გამოსცა.

მაგალითად, ახალი ამბების წამყვანი – თეონა თურმანიძე ტელევიზიას ფეისბუქკომენტარების გამო ჩამოაცილეს. სახალხო დამცველის წერილში ეს ფეისბუქსტატუსებიც მოხვდა, მათ შორის, 2020 წლის 10 აპრილის სტატუსი.

„პანდემია ეხება ყველას და ყველაფერს აჭარის ტელევიზიის გარდა. ქართული ოცნება ხდება აქ.. დირექტორის მოადგილე ახლა საინფორმაციოს უფროსი ხდება. ჟანრი კომედიური დრამა,“ – წერდა ჟურნალისტი თეონა თურმანიძე.

სახალხო დამცველს საკუთარი პოზიცია მიაწოდა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, რომელმაც განმარტა, რომ ჟურნალისტის კონკრეტულ საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვა უკავშირდებოდა მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს, მათ შორის, მაუწყებლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ და საზოგადოებისთვის მოწოდებას, მოეთხოვათ მაუწყებლის გაუქმება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თეონა თურმანიძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დარღვევად ფეისბუქსტატუსები მიიჩნია და ის ერთადერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ტელევიზიაში, რომელსაც „დისციპლინური გადაცდომის გამო კონკრეტულ საქმიანობაზე დაშვება შეეზღუდა“.

„თეონა თურმანიძემ საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია მაუწყებლის მხრიდან მისი საქმიანობის მარეგულირებელ პრინციპებთან შესაბამისობისა და არსებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც, გამოხატვის თავისუფლების ზემოთ განხილული სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, ჟურნალისტის მხრიდან საჯარო კრიტიკის, როგორც გამოხატვის დაცული ფორმის ფარგლებში ექცევა. ამასთან, სწორედ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული მოსაზრებები დაედო საფუძვლად თეონა თურმანიძის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენებას და სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვას, მიეთითა რა, რომ ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ ანგარიშზე 2020 წლის 10 და 11 აპრილს გამოქვეყნებული განცხადებები/სტატუსები მიმართული იყო მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ.

ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის უფლებებში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო, რაც დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს – სხვა შეხედულებას უკავშირდება,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ფეისბუქში სტატუსების გამოქვეყნების გამო ასევე სხვა თანამშრომელი – „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი, მალხაზ რეხვიაშვილი გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა.

თეონა თურმანიძის ეთერიდან ჩამოშორების შემდეგ, მალხაზ რეხვიაშვილი წერდა სტატუსებს ფეისბუქში, მათ შორის, ამას:

„…ან დაწყებითი განათლება არ აქვს მენეჯმენტს, ან ფეხებზე კიდიათ სამართალი, იციან რა, რომ სასამართლოში საქმე გაიწელება და კორონავირუსის გამო საზოგადოება ყურადღებას ამ ქმედებებს ახლა ვერ მიაქცევს. სარგებლობენ მოკლედ. მიდით, მოასწარით. გადაივლის პანდემია და მოიცლის ხალხი. ვის როდის შერჩენია მედიის კონტროლი, რომ თქვენ შეგრჩეთ?“ – წერდა მალხაზ რეხვიაშვილი.

„…იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს ზემოთ წარმოდგენილ მსჯელობას, რადგან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მხოლოდ მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს განსაზღვრავს. რადგან ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, ისევე, როგორც მის მიერ სხვა სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ პროგრამას, გაუგებარია, როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი აღნიშნულმა ქმედებებმა აჭარის ტელევიზიას კანონის აღსრულებაში და ამდენად, დააკარგვინოს განმცხადებელთან თანამშრომლობის ინტერესი…

რამდენადაც მალხაზ რეხვიაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო სტატუსის გამო არ არსებობდა მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, დაუშვებელია, ჟურნალისტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის – სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება ჩაითვალოს გამართლებულ ღონისძიებად, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

სახალხო დამცველმა შეისწავლა სოფო ჟღენტის საქმეც. ის აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსია, თუმცა ტელევიზიაში დებულების შეცვლის შემდეგ, იგი საინფორმაციო სამსახურს მთლიანად ჩამოაშორეს.

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად შეაფასა ასევე ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის შემთხვევაც – ეს ის ჟურნალისტია, რომელსაც უთხრეს, რომ ქუთაისში უნდა წასულიყო და იქ ემუშავა ისე, რომ სამუშაო პირობები არ ჰქონდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თეონა ხარაბაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტი იყო 2020 წლის 25 მარტამდე, დღეს კი, მისი სამუშაო ქუთაისში მიმდინარე ერთეული შემთხვევების შესახებ წერილობითი მასალების დისტანციურად მომზადებაა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეონა ხარაბაძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მხოლოდ ქუთაისის ახალი ამბების გაშუქებას.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომით ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის ფორმალურად გამოყენებით თეონა ხარაბაძეს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს ის სამუშაო, რომელიც აირჩია და რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული მისი, როგორც ჟურნალისტის უნარ-ჩვევების გამოვლენასთან. შრომითსამართლებრივი ურთიერთობებისთვის ფორმალური საფუძვლების გამოყენება დისკრიმინაციული მოტივების დასაფარად უცხო არ არის,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია თავის წერილში წერს იმაზეც, რომ სოფო ჟღენტის და მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ დისკრიმინაციის დადგენის კუთხით სახალხო დამცველმა საქმისწარმობა შეაჩერა, რადგან მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.

სახალხო დამცველის აჭარის ტელევიზიის დირექტორს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის:

„ბათილად ცნოთ 2020 წლის 21 აპრილის №02-09/62 ბრძანება, რომლითაც თეონა თურმანიძის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სანქცია და დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება; ბათილად ცნოთ 2020 წლის 11 მაისის №02-05/56 ბრძანება, რომლითაც მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, ამასთან, იმსჯელოთ განმცხადებლის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მისი ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის და შესაბამისი განაცდურის ანაზღაურების (საჭიროების შემთხვევაში) ან მათთვის სათანადო კომპენსაციის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს უფლებადარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას… ბათილად ცნოთ 2020 წლის 23 მარტის N02-26/865 კორესპონდენციაში ასახული გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისში და უზრუნველყოთ თეონა ხარაბაძე შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; მომავალში თავი შეიკავოთ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოთ თანასწორობის პრინციპის დაცვით,“, – წერს სახალხო დამცველი.

___

ფოტო: ბათუმელების არქივი, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: