მთავარი,სიახლეები

“ის თანხას არ ითხოვდა” – ადვოკატი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაზე

22.08.2020 • 1497
“ის თანხას არ ითხოვდა” – ადვოკატი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ვახტან ტაბიძეს. ის 19 წლის სტუდენტია და ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. სასამართლო პროცესი დღეს, 22 აგვისტოს გაიმართა.

საუბარია 19 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე – ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. დაზარალებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური, ან რკინის საგანი.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა სავალუტო ჯიხურის მფლობელს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა, მაგრამ მან დაზარალებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო, ფულის წაღება ვერ შეძლო.

20 აგვისტოს შსს-მ ამ საქმეზე ვახტანგ ტაბიძე დააკავა. ბრალდებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია. „მე თვითონ მივიყვანე. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ციხეში. ჩემი შვილია, იმის შვილია, მე არ ვიცი. კანონის წინაშე ყველა ერთნაირი ვართ“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.

ბესიკ ტაბიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. პროცესს ბრალდებულის ახლობლები ესწრებოდნენ, მაგრამ მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ კარგი არაფერი გელით…” – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და განმარტა, რომ ყაჩაღობის მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე.

პროკურორმა აკაკი მოქერიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაული ხალხმრავალ ადგილას, დღისით ჩაიდინეს. ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ კი ყურადღება ბრალდებულის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე გაამახვილა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტზე, რომელიც სამართალდამცველებს გუშინ ჩაუტარებიათ.

“მას თანხა არ მოუთხოვია სავალუტო ჯიხურში… როცა ადამიანი საყაჩაღოდ მიდის, ის აგურის ნატეხით არ წავა. ელემენტარულად სათამაშო პისტოლეტი 5-10 ლარი ღირს. ეს გასარკვევია, რა მოტივით შევიდა ის სავალუტო ჯიხურში,” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვა.

თავად ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე დუმილი არჩია. ამ დრომდე დუმილს არჩევს ადვოკატიც, რომელსაც სასამართლო პროცესის შემდეგ ვკითხეთ, რა მოტივაციაზე საუბრობდა ის მოსამართლესთან.

ადვოკატი ამ საქმეში მხოლოდ ყაჩაღობის მოტივს გამორიცხავს.

“სამწუხაროა, რომ 19 წლის ასაკში ასეთი ქმედების ჩადენას გედავებათ გამოძიება…” – აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს. მან ადვოკატს უთხრა, რომ ბრალდებულის ინიციატივით პოლიციაში გამოცხადება კარგია, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია, მაგალითად, მაისური, რომელიც იმ დღეს ბრალდებულს ეცვა.

“არსებობს მტკიცებულებების შესაძლო მიჩქმალვის საფრთხე,” – დასძინა მოსამართლემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: