მთავარი,სიახლეები

როგორ იტაცებს ბიზნესი ტროტუარებს ბათუმში და რა პასუხი აქვთ მერიაში 

25.08.2020 • 1876
როგორ იტაცებს ბიზნესი ტროტუარებს ბათუმში და რა პასუხი აქვთ მერიაში 

გუგლის საძიებო სისტემა მარტივად დაგარწმუნებთ, რომ ისეთი ჩაბეტონებული და შავი შუშით შემოსაზღვრული კაფეები ტროტუარებზე, როგორიც ბათუმშია, თითქმის არსად, არც ერთ ევროპულ ქალაქში შეგხვდებათ. რა თქმა უნდა, ვერც იმას ნახავთ, რომ ქალაქის მერიას უსინათლოთა ბილიკი მოეწყოს ბიუჯეტის ფულით და შემდეგ ამ ბილიკზე კაფეს ინვენტარის განთავსების უფლება მიეცეს ვინმესთვის. ის, რომ  ტროტუარის დიდი ნაწილი, უსინათლოთა ბილიკის ჩათვლით, სამშენებლო კომპანიის ოფისს აქვს გადაფარული, საერთოდ უნიკალური მაგალითია, ბათუმისთვის დამახასიათებელი.

უსინათლოთა ბილიკი ბათუმში პუშკინის ქუჩაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიის ოფისის შუშის კარის წინ დაფენილ დეზობარიერთან სრულდება და უსინათლოსთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს

მართალია, ბათუმში უფრო ხშირად და მწვავედ განიხილავენ კაფეების მიერ ტროტუარების, როგორც საზოგადოებრივი სივრცის მაქსიმალურად ათვისების პრობლემას, მაგრამ ახლა ცალკე სამსჯელოა ტროტუარებზე კაფეების ინფრასტრუქტურა.

მხოლოდ ფოტოების დათვალიერება დაგარწმუნებთ, რომ ევროპულ ქალაქებს ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად ერთიანი ხედვა და სტანდარტი აქვთ დაწესებული. აქ განსხვავება შესაძლებელია შეგხვდეთ მხოლოდ ფერებში, მაგიდების ფორმებში ან გამწვანების მეტ-ნაკლებობაში, მათი უმეტესობა მსუბუქი ქსოვილით, ე.წ. ტენტითაა გადახურული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება ან იშლება. მაგიდები კი ყოველგვარი შემოღობვის გარეშე ისეა განლაგებული, რომ ქვეითისთვის გადასაადგილებელი ადგილი რჩება.

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ბათუმში ღია კაფეების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შეთანხმებული და დამტკიცებული რეგულაცია არ არსებობს. ბათუმს არ აქვს დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადგენდა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მოაწყო ტროტუარზე ან სკვერში, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეა. ვერ იპოვით დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს რესტორნის მეპატრონემ, რომელსაც ტროტუარზე კაფეს მოწყობა სურს. არსად წერია, ბათუმში კაფეს მოწყობის მიზნით დაშვებულია თუ არა ტროტუარის რკინის ან ხის კონსტრუქციით, შავი ან გამჭვირვალე შუშით ან სხვა რაიმე მასალით შემოღობვა, ჩებეტონება, ბეტონის აგურით ან კერამო გრანიტით ან საერთოდაც ე.წ. კაფელით მოპირკეთება. ამიტომაც პრინციპით, რომ რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია ტროტუარზე განსათავსებელი კაფეს ვიზუალი ჯერ მეპატრონის და შემდეგ ნებართვის გამცემის, მერიის შესაბამისი სამსახურის გემოვნების საკითხია.

ბათუმში, სადაც ქალაქის არქიტექტურაზე ყველაზე მეტს მსჯელობენ, ბრაზობენ და აქციებსაც აწყობენ, ამ დრომდე ვერც ბათუმის მერიამ და ვერც საკრებულომ ვერ მოახერხა, ქალაქის იერსახის ამ ნაწილზე ეფიქრა, წესები შეემუშავებინა და შემდეგ დოკუმენტად ექცია.

რა არის ტროტუარზე, იქ სადაც არ არის კაფე, ნახეთ აქ

https://www.facebook.com/batumelebi/videos/403454577284767/

ამ დრომდე ბათუმის მერია ტროტუარებზე კაფეების განთავსების საკითხს ბათუმის #16 დადგენილებით არეგულირებს. დადგენილება ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესებს ადგენს, რაც ღია კაფეების მოწყობის საკითხსაც მოიცავს, დოკუმენტში მხოლოდ რამდენიმე ტექნიკურ საკითხზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, რომ ღია კაფეს ესკიზი ნებართვის მაძიებელმა მერიის შესაბამის სამსახურს უნდა შეათანხმოს. დოკუმენტი არ ადგენს სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც კაფეს მოწყობის დასაშვებ ფორმებს, მასალებს, ფერებს და სხვა საკითხებს შეიძლებოდა შეხებოდა:

ამონარიდი დადგენილებიდან: დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორმატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

რაც შეეხება შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს, ასეთი ბათუმში ორია და ორივე მერიას ექვემდებარება. პირდაპირი კავშირი ამ საკითხთან მუნიციპალური ქონებისა და სერვისების სამსახურს აქვს, რომელიც ითანხმებს პროექტს და ნებართვას გასცემს. ამ სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ გვითხრა, რომ შემოსული პროექტის ვიზუალს ის არ ამოწმებს და ამ ნაწილს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ითანხმებს.

„ჩაბეტონებულ ტროტუარებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენთან მსგავსი არაფერი იყო შემოსული. შეესაბამება თუ არა შეთანხმებული პროექტი ნებართვაგაცემულს, ამას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. ასეც რომ იყოს, ვადის გასვლის შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან სრულად გაათავისუფლონ ტერიტორია და ტროტუარს დაუბრუნონ პირვანდელი მდგომარეობა“, – გვითხრა დავით კოპინაძემ.

ჩაბეტონებულ ტროტუარებზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. მერიის ქონებისა და სერვისების მართვის უფროსს კითხვები სწორედ ამ სტატიაზე მუშაობისას დავუსვით. მისი განმარტება – „რაც არ უნდა იყოს, ისინი ვალდებულები იქნებიან დაუბრუნონ პირვანდელი მდგომარეობა“, მერიის სტანდარტული პასუხია, როცა ვიღაც რაღაცას აფუჭებს, ან ვიღაც ქალაქში რაღაცის გამო წუხს და მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ასეთი პასუხი მოგვისმენია მაშინაც, როცა შეთანხმებულ რვა სართულს ორი უნებართვოდ დააშენეს, ან რვავე სართული უნებართვოდ ააშენეს, როცა სახლს აივანი მიაშენეს, პროექტი გადააკეთეს, უნებართვოდ დაიწყეს და დაასრულეს. მერიაში ყოველთვის ამბობენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, რის უფლებასაც მათ კანონი აძლევს. თუმცა ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა მერიის სამსახურების კონკრეტული ჩარევისა და მონდომების შედეგად, რაღაც შეიცვალა და ისეთიც, როცა არ შეიცვალა, რა შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე, ეს ცალკე კვლევის საგანია.

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში

განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ისიც, რომ ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში ჩაკეტილი ტროტუარები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სეზონური არ არის. კაფეები, რომლებსაც მხოლოდ მაგიდები აქვთ განთავსებული, შემოდგომის მიწურულს, როცა მომხმარებელი იკლებს, ტროტუარებს სრულად ათავისუფლებენ. შემოღობილი ტროტუარები კი იგივე მდგომარეობაში  რჩება. მათი უმეტესობა ზამთარში ცარიელია, თუმცა ღობეს – ბეტონის იქნება, შუშის თუ სხვა მასალის, არ შლიან, ის მთელი წელი რჩება და მუშაობას მეორე წელსაც იგივე მდგომარეობით აგრძელებს.

ამ საკითხს პრობლემად განიხილავს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე. „დიახ, არ არის სწორი“, – ამბობს ის. ასევე განმარტავს, რომ მსგავს რესტორნებთან მერიას „სამართლებრივი ჭიდილი“ აქვს. „ვაჯარიმებთ და ვავალდებულებთ შეცვალონო“ – როგორც ჩანს, მერია ამ „სამართლებრივ ჭიდილში“ არცთუ ისე წარმატებულია.

„აუცილებლად გვექნებოდა სანქციები გატარებული, ყველა არ მემახსოვრება ზეპირად, პერიოდულად ჩვენ შემოვლებს ვაკეთებთ და ვაჯარიმებთ“, – ამბობს დავით კოპინაძე. დამრღვევ რესტორნის მეპატრონეს აფრთხილებენ და 500 ლარით აჯარიმებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში მაქსიმუმ ჯარიმა გასამმაგდეს. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამის შემდეგ პროცედურა დროში დაუსრულებლად იწელება.

დავით კოპინაძემ გვითხრა ისიც, რომ ტროტუარზე მოწყობილი კაფეს ვიზუალსა და ზომებზე მისი სამსახური პასუხისმგებელი არ არის და ეს საკითხი ნებართვის გაცემამდე მერიის ქალამშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს თანხმდება: „ჩვენ მათი დასკვნის საფუძველზე  გავცემთ ნებართვას“.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს მირიან მეტრეველი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ტროტუარის ჩაბეტონების ნებართვა მის სამსახურს არ გაუცია, მაგრამ ვარაუდობს, რომ ბეტონი ან აგური იქ შეიძლება დალაგებული იყოს და არა ჩამოსხმული.

„ჩვენ არ ვაძლევთ ჩაბეტონების უფლებას, მსუბუქი კონსტრუქციით ღია კაფეს მოწყობა ნიშნავს, რომ ეს არის დასხმის გარეშე მოწყობილი შენობა, ასაწყობ-დასაშლელი, რომლის დემონტაჟიც შეიძლება მარტივად, თავისი სიმძიმით, როცა ნაგებობა ეყრდნობა გრუნტს ან ტროტუარს. დასხმის უფლებას ჩვენ არ ვაძლევთ“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

რაც შეეხება ვადებს, ამ საკითხსაც მერიის #16 დადგენილება არეგულირებს. დადგენილების მიხედვით, „ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.“ თუმცა, როგორც ჩანს, ბათუმში რესტორნების მეპატრონეები, ისინიც, რომლებიც შეთანხმებულ წესებს არღვევენ, ნებართვის ვადების გაგრძელებაზე თანხმობის მიღებას ახერხებენ.

რა ხდება ველობილიკებზე ბათუმში ნახეთ აქ:

და ბოლოს, მირიან მეტრეველმა გვითხრა და დავით კოპინაძემაც დაგვიდასტურა, რომ  მერია აპირებს ღია კაფეების განთავსების ერთიანი სტანდარტი შეიმუშავოს: „როგორც მახსოვს, ასეთი დოკუმენტის მომზადებაზე ტენდერიც გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ჩაიშალაო“. როდის დაბრუნდება ეს საკითხი დღის წესრიგში, დაზუსტებული პასუხი ჯერ არ გვაქვს“.

ბათუმში ქალაქის იერ-სახესთან დაკავშირებული დაპირებების გრძელ ვადაში შეუსრულებლობა აღარ უკვირთ. მაგალითად, ორი არჩეული მერი ქალაქის მოსახლეობას დაჰპირდა გენგეგმას შემუშავებას, მაგრამ ბათუმს გენგეგმა ისევ არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: