მთავარი,სიახლეები

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

19.08.2020 • 1523
51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

„ჩვენ არ დავეხმარებით ბელორუსიის სახელისუფლებო ძალებს, მაგრამ მილიონი ევროთი დავეხმარებით ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლებს, სამოქალაქო სექტორს.

50 მილიონი ევრო ბელორუსიის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოიყოფა, საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე სოციალური სამსახურებისთვის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად”, – განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, სპეციალურ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელორუსიის მოსახლეობას ცვლილებები სურს, ბელორუს ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი ნება და აჩვენოს, თუ ვინ სურს პრეზიდენტად.

მისივე თქმით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში გამოსცემს სანქციებს ბელორუსში ძალადობრივი და რეპრესიული გარემოს შემქმნელებისთვის – კონკრეტული პირებისთვის.

„გაოცებულები ვართ ბელორუსი ხალხის სიმამაცით, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივად გამოდიან ქუჩებში უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით. გვსურს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში მხილებულები დაისაჯონ. ხალხის თქმით, ეს არჩევნები უსამართლოდ წარიმართა. ევროკავშირი მხარს უჭერს ბელორუს ერს, ხალხს, რომლებიც საკითხების დემოკრატიულად გადაჭრის გზებს ირჩევენ”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მასთან ერთად სპეციალური სამიტის დასასრულს პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმაც.


2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელორუსიას.

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.


ამავე თემაზე:

ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: